IMF: გლობალური ეკონომიკის აღდგენა პროგნოზირებულზე სწრაფად მიმდინარეობს

"იანვარში ჩვენ გამოვაქვეყნეთ დოკუმენტი, რომლის თანახმადაც 2021 წელს გლობალური ეკონომიკის 5.5%-ით ზრდას ვპროგნოზირებდით, თუმცა დამატებითი საბიუჯეტო სტიმულირებებისა და უფრო მასშტაბური გლობალური ვაქცინაციის ფონზე, იხსნება უფრო სწრაფი და დინამიური ზრდის პერსპექტივა",- განაცხადა სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ჯეფრი ოკამოტომ. 

ამავდროულად ოკამოტომ აღნიშნა, რომ დადებითი დინამიკის მიუხედავად არსებობს რისკებიც, კერძოდ ის, რომ ეკონომიკური აქტივობის აღდგება არ იქნება თანაბარი და საყოველთაო. აქედან გამომდინარე ფონდის ვარაუდით ქვეყნების უმეტესობაში ეკონომიკის მოცულობა კრიზისამდელ მოცულობას მიმდინარე წელს ვერ აღიდგენენ. 

მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზით, განვითარებადი საბაზრო ეკონომიკების ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 2020-2022 წლების მონაკვეთში 22% უფრო ნაკლები იქნება. ფონდის ვარაუდით სწორედ ამდენით მეტი იქნება განვითარებადი ეკონომიკებში ერთი მოქალაქის შემოსავალი, რომ არა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი. 

ამ დადებითი ტენდენციების მიღმა სავალუტო ფონდი ხედავს რისკებსაც, მათი თქმით, კვლავ გამოწვევად რჩება ვირუსის ახალი შტამები, ასევე, უპრეცედენტოდ მაღალია ეკონომიკური გაურკვევლობა და რისკები. ამასთანავე, მათი თქმით უცნობია თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ჯანდაცვის სფეროს კრიზისი გლობალურად. სავალუტო ფონდში, ასევე ამბობენ, რომ შესაძლოა განვითარებადი ქვეყნების დიდი ნაწილმა მასშტაბური ვაქცინაცია 2022 წლამდე ვერ დაიწყოს. "პანდემია დასრულდება მაშინ, როდესაც ის ყველასთვის დასრულდება",- განაცხადა ჯეფრი ოკამოტომ. 

კორონავირუსის პანდემიის ფონზე უპრეცედენტო ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა საქართველოც. გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, რაც 1994 წლის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2009 წელს, როდესაც ქვეყანა გლობალური ფინანსური კრიზისისა და რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგებს ებრძოდა მშპ-ს კლებამ 3.6% შეადგინა. 

საქართველოზე ცუდი ეკონომიკური მაჩვენებლები რეგიონში მხოლოდ სომხეთს აქვს და ესეც დიდი ალბათობით ყარაბაღის ხუთკვირიანი ომით არის განპირობებული. მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 3.4%-ით შემცირდება. ეროვნული ბანკის ვარაუდით მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა მაქსიმუმ 4%-ით გაიზრდება, თუმცა ეს ოპტიმისტური სცენარია და ტურიზმის სწრაფ და მოცულობით აღდგენას გულისხმობს. 

დაგვიანებული და არასაკმარისი ვაქცინაციის ფონზე, ნარჩუნდება დამატებითი შეზღუდვების და შესაბამისად ეკონომიკური ზიანის გაზრდის ალბათობაც. ეროვნული ბანკის ვარაუდით პესიმისტურ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს 1%-ს გაუტოლდება. 

მსგავსი სიახლეები