ინდოეთმა კორონავირუსის წინააღმდეგ ერთი მილიარდი ადამიანი აცრა
ინდოეთში კორონავირუსის ვაქცინის თითო დოზით ერთი მილიარდი ადამიანი აცრეს, რაც ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის სამ მეოთხედზე მეტია.
ორჯერ აცრილთა რაოდენობა 30 %-ს აღწევს.
წლის დასაწყისში ვირუსის „დელტა“ ვარიანტის მასშტაბურმა გავრცელებამ ინდოეთის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის ზღვარზე მიიყვანა. თუმცა, უკანასკნელ თვეებში ვაქცინაციის გაცხოველებული კამპანიის შედეგად სიტუაცია დასტაბილურდა.
„მათ შორის, ვისაც ჯერ ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა ხვდა წილად და ვინც სრულად აცრილია, დიდი განსხვავებაა. აუცილებელია მეორე დოზით აცრის დაჩქარება“, - განაცხადა ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
ოთხშაბათს ინდოეთში ვირუსით ინფიცირების 14 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან კოვიდ-19-ით 34 მილიონამდე ინდოელი დაავადდა, 450 000 კი გარდაიცვალა.