ინდოეთმა საფრანგეთისგან Rafale-ს გამანადგურებლები და წყალქვეშა ნავები შეიძინა

ინდოეთმა საფრანგეთისგან Rafale-ს ტიპის გამანადგურებლები და ფრანგული წყალქვეშა ნავები შეიძინა. კონტრაქტის ჯამური ღირებულება 8 მილიარდი დოლარია. 

ფრანგული შეირაღების შეძენა ინდოეთის მხრიდან რუსული წარმოების შეიარაღებისგან განგრძობადი დისტანცირების მორიგი ნიშანია. უკრაინაში შეჭრის შემდეგ იარაღზე მკვეთრად გაზრილი შიდა მოთხოვნის შედეგად, რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის ექსპორტის შესაძლებლობები საგრძნობლად შემცირდა. 

15 ივლისს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაციამ ხელი მოაწერა რამდენიმე მნიშვნელოვან კონტრაქტს. მათ შორის ცნობილი გახდა, რომ ინდოეთი საფრანგეთისგან Rafale-ის ტიპის 26 გამანადგურებელს შეიძენს. მხოლოდ ამ კონტრაქტის ჯამური ღირებულება 6.3 მილიარდი დოლარია. 

კონტექსტი

გარდა ამისა გაფორმდა ხელშეკრულება ფრანკო-ესპანური წარმოების Scorpene-ის კლასის 3 წყალქვეშა ნავის შესახებ. კონტრაქტის ჯამური ღირებულება 2.3 მილიარდი დოლარია. 

ახალი მოცულობითი სამხედრო კონტრაქტები გასულ წლებში საფრანგეთსა და ინდოეთს შორის გაზრდილი სამხედრო თანამშრომლობის ფონზე ფორმდება. ბოლო წლებში მკვეთრად გაფართოვდა ინდოეთის სამხედრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტაბებთანაც. მზარდია ინდოეთის კოოპერაცია QUAD-ის ჯგუფის სახელით ცნობილ ქვეყნებთან: აშშ, ავსტრალია და იაპონია. 

ფრანგული წყაროების ცნობით, ეს არის Rafale-ის საზღვაო ძალების თვითმფრინავის პირველი ექსპორტი. ფრანგული თვითმფრინავები ინდოეთის მიერ აგებული პირველი ავიამზიდის INS Vikrant-ისთვის არის განკუთვნილი. ისტორიაში პირველადი ინდური ავიამზიდი არმიამ გასული წლის აგვისტოში მიიღო.  

აღსანიშნავია, რომ იმავე ტიპის, მაგრამ წინა თაობის 30 თვითმფრინავი ინდოეთმა 2016 წელსაც შეიძინა. ჯამურად ინდოეთს Rafale-ებისგან დაკომპლექტებული 3 ესკადრილია ჰყავს, რომლებიც ჩინეთთან სასაზღვრო ზოლში პატრულირებენ. 

მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეებში ინდოეთი და საფრანგეთი დაიწყებენ დეტალურ მოლაპარაკებებს, სათადარიგო ნაწილების, ტექნიკური მომსახურების და სხვა ასპექტების შესახებ. წყალქვეშა ნავების კონტრაქტი მოიცავს წარმოების ტექნოლოგიის ნაწილის ექსპორტსაც. 

ცივი ომის წლებიდან მოყოლებული ინდოეთისთვის შეიარაღების მთავარი წყარო რუსეთი იყო, მაგრამ ბოლო წლებში მთავრობა აქტიურად ცდილობს იმპორტული შეიარაღების წყაროების დივერსიფიკაციას. უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა მნიშვნელოვნად შეამცირა რუსეთის წილი იარაღის გლობალურ ბაზარზე და დააზიანა მისი რეპუტაცია. 

ჩინეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე ინდოეთისთვის არმიის გადაიარაღების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა ბოლო წლებში. ინდოელ და ჩინელ ჯარისკაცებს შორის ხშირია შეტაკებები ჰიმაილის მთების სადავო საზღვრის მონაკვეთში. 

ბოლო ასეთ შეტაკებას 20 ინდოელი და 4 ჩინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ინციდენტის შემდეგ ინდოეთმა საზღვრის აღნიშნული მონაკვეთი 20 ათასი უახლესი შეირაღებით აღჭურვილი სამხედრო დანაყოფით გააძლიერა. 

გარდა ამისა ინდოეთმა აკრძალა პოპულარული ჩინური სოციალური ქსელი Tik-Tok და გაართულა ჩინური ინვესტიციების მიღება. ინდოეთის პრემიერმა ჩინური Huawei-ს და ZTF-ს აუკრძალა 5G ქსელის დანერგვის ტენდერებში. 

ინდოეთი ჩინეთს სახელმწიფო საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს. მხარეებს შორის კონფლიქტის ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით მოლაპარაკებების 18 რაუნდი გაიმართა, თუმცა ვითარება კვლავ კონფლიქტურია. 

ცნობილია, რომ ფრანგულ თვითმფრინავებს ინდოეთში კონკურენციას უწევდა ამერიკული F-18-ები, თუმცა გასულ წელს ჩატარებული ტესტების შემდეგ ინდოეთმა არჩევანი სწორედ ფრანგულ სისტემებზე შეაჩერა.

21 ივნისს ვაშინგტონში სახელმწიფო ვიზიტით მყოფმა ნარენდრა მოდიმ ჯო ბაიდენთან ხელი მოაწერა ამერიკული წარმოების სამხედრო თვითმფრინავების შესყიდვის ხელშეკრულებას. წყალქვეშა ნავების მსგავსად ძრავების წარმოების ტექნოლოგიის ნაწილი ინდოეთში განთავსდება. ძრავები ინდური წარმოების საბრძოლო თვითმფრინავებისთვისაა განკუთვნილი. 

გარდა ამისა, ცნობილია ინდოეთის გეგმის შესახებ შეიძინოს ამერიკული წარმოების შორი რადიუსის დრონები. კონტრაქტის სავარაუდო ღირებულება 3 მილიარდი დოლარია. 

 

მსგავსი სიახლეები