ირანში საპროტესტო აქციებს სასურსათო მაღაზიების მფლობელები უერთდებიან

ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს სასურსათო მაღაზიების მფლობელები შეურთდნენ და სამდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ავრცელებს

გაფიცვა ემთხვევა 2019 წლის პროტესტების მესამე წლისთავს, როდესაც სოციალურ ნიადაგზე დაწყებული საპროტესტო გამოსვლების დროს რეჟიმის ძალებმა ასეულობით ირანელი მოკლა. 

სასურსათო მაღაზიებთან ერთად გაიფიცნენ თეირანის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებიც, რომლებიც, ტრადიციულად, ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მოვაჭრეები შეურთდნენ საპროტესტო აქციებს, რომლის მთავარი ლოზუნგიცაა - "სიკდვილი დიქტატორს". 

გაიფიცნენ ფოლადისა და რკინის საწარმოს მუშებიც სიდიდით მეორე ქალაქ ისპაანში. მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება ქურთისტანში, რომელიც საპროტესტო მოძრაობის კერად გადაიქცა - სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობების თანახმად, სასურსათო მაღაზიები დაკეტილია პროვინციის 18 ქალაქში. 

მოვაჭრეების პროტესტმა კიდევ უფრო გააძლიერა 22 წლის მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლები, რომლებშიც ამ დრომდე ძირითადად ახალგაზრდები - სკოლის მოსწავლეები და უნივერსისტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. 

სტუდენტები დაუმორჩილებლობას აგრძელებენ ქურთისტანში, სადაც ისინი უარს ამბობენ სასწავლო პროცესში მონაწილეობაზე. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც საავადმყოფოებში მუშაობენ, უარს ამბობენ მუშაობაზე. 

კონტექსტი

ირანში 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლები უკვე 2 თვეა მიმდინარეობს. 

საპროტესტო დემონსტრაციებზე დაიღუპა 300-ზე მეტი მოქალაქე, უკვე დაპატიმრებულია 15 000-ზე მეტი. თავდაპირველად ქალთა გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციები ისლამური რეჟიმის დამხობის მოთხოვნებმა ჩაანაცვლა. 

ირანი საპროტესტო დემონსტრაციების პროვოცირებასა და დაფინანსებაში საუდის არაბეთს და აშშ-ს ადანაშაულებს. თავის მხრივ, ეს ირანის რეჟიმის მიერ გამოცდილი მეთოდია. 

ცოტა ხნის წინ ირანის მეჯლისმა, რომელსაც არ აქვს სასჯელის დაკისრების უფლება, იუსტიციის სამინისტროს მოუწოდა, საპროტესტო აქციებისთვის დაპატიმრებული 15 ათასივე მოქალაქე სიკვდილით დაესაჯა. 

რაც შეეხება სამართლებრივ ვერდიქტს, ამ დროისთვის ცნობილია სასიკვდილო განაჩენის გამოტანის მხოლოდ 1 შემთხვევის შესახებ. 

მსგავსი სიახლეები