ისრაელი ღაზაში უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარების შესვლას დაუშვებს
საქველმოქმედო ორგანიზაცია World Central Kitchen-ის (WCK) თანამშრომლების დაღუპვიდან მალევე და "აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან დაძაბული საუბრის შედეგად," ისრაელის სამხედრო კაბინეტმა გადაწყვიტა ღაზაში უფრო დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული დახმარების შესვლა დაუშვას.
ამის შესახებ გაზეთი Times of Israel წერს.
კერძოდ, ისრაელი აპირებს დროებით გახსნას აშდოდის პორტი ჰუმანიტარული ტვირთებისთვის და პირველად 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, გაიხსნება ისრაელიდან ღაზაში გამშვები "ერეცის" სასაზღვრო პუნქტი.
გარდა ამისა, დაგეგმილია იორდანიიდან ღაზას სექტორში შემავალი დახმარების მოცულობის გაზრდა "კერემ შალომის" გადასასვლელით.
"დახმარების მოცულობის გაზრდა ხელს შეუშლის ჰუმანიტარულ კრიზისს," - ციტირებს The Times of Israel ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას, "და ეს გადამწყვეტია საომარი მოქმედებების გაგრძელებისა და ომის მიზნების მისაღწევად."
თავის მხრივ, თეთრი სახლი მიესალმა ამ ნაბიჯებს.
ერთი დღით ადრე Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარში პრეზიდენტმა ბაიდენმა მას მოუწოდა "უახლოეს საათებში და დღეებში" მიეღო ახალი ზომები ჰუმანიტარული მუშაკებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს იყო ვაშინგტონის პირველი მცდელობა, გამოიყენოს ისრაელისთვის სამხედრო დახმარების თემა ამ სახელმწიფოზე ზეწოლის შესაძლო ბერკეტად. ისრაელი ბოლო თვეების განმავლობაში დიდი რაოდენობით ჭურვებს და რაკეტებს იღებს შეერთებული შტატებისგან.
კონტექსტი
ღაზას სექტორში მძიმე ჰუმანიტარული კრიზისია. "ჰამასის" ტერორისტული თავდასხმის შემდეგ დაწყებული ომისას სექტორში 32 ათასზე მეტი პალისტინელი დაიღუპა.
IPC Global Initiative-ის მიერ გამოქვეყნებული ანალიზის თანახმად, ღაზაში 677 ათას ადამიანს საკვების კატასტროფული ნაკლებობა აქვს. წყლის დეფიციტის გამო კი საერთაშორისო ორგანიზაციები სხვადასხვა ტიპის დაავადებების გავრცელების საფრთხეზე საუბრობენ.