ისრაელის თავდაცვის მინისტრი ხელისუფლებას სასამართლო რეფორმის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ისრაელის მთავრობას მოუწოდა, შეწყვიტოს სასამართლო რეფორმის განხორციელება, რასაც ქვეყნის მასშტაბით მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ამის შესახებ 25 მარტს The Times of Israel წერს.

გალანტი ღიად დაუპირისპირდა ქვეყნის პრემიერის და მმართველი კოალიციის მიერ დაწყებულ რეფორმას.

"ქვეყნის შიგნით განხეთქილებამ ღრმად შეაღწია ისრაელის თავდაცვის ძალებსა და თავდაცვის სტრუქტურებში, ეს არის აშკარა და მნიშვნელოვანი საფრთხე ისრაელის უსაფრთხოებისთვის. მე ამას არ დავუშვებ", - თქვა გალანტმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ თავს მემარჯვენე ბანაკის წევრად მიიჩნევს და ეთანხმება სასამართლო რეფორმის აუცილებლობას. "თუმცა, მნიშვნელოვანი ეროვნული ცვლილებები მიიღწევა დიალოგის გზით", - თქვა იოავ გალანტმა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა რეფორმის მიღების პროცესის სულ მცირე რამდენიმე კვირით გადადება მოითხოვა, რათა ისრაელის მოქალაქეებმა პასექი და დამოუკიდებლობის დღე აღნიშნონ.

გალანტის თქმით, მას სულ უფრო ხშირად ესმის ისრაელის სამხედროების უკმაყოფილება, რომლებიც რეფორმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად უარს ამბობენ სარდლობის ბრძანებების შესრულებაზე.

"ეს ყველაფერი დიდი საფრთხეების ფონზე ხდება", - განაცხადა მინისტრმა. ის ირანის ბირთვულ პროგრამასა და პალესტინელების თავდასხმებზე საუბრობდა.

"უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ჩვენ ვდგებით უსაფრთხოების უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე," - თქვა გალანტმა.

მისი განცხადებიდან მალევე, მმართველი კოალიციის ყველაზე რადიკალური პარტიის ლიდერმა იტამარ ბენ გვირმა ნეთანიაჰუს გალანტის თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

მასობრივი საპროტესტო აქციები ზედიზედ მესამე თვეა გრძელდება

ისრაელში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იანვრის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს. მოქალაქეები სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ, რომელიც ახალი მთავრობის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

რეფორმის გატარების შემდეგ, მოსამართლეების შერჩევის პროცესზე მთავრობის გავლენა გაიზრდება და ქნესეთს უფლება ექნება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები გადასინჯოს.

20 თებერვალს ისრაელის პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. მოსალოდნელია, რომ კანონის მიღება მომავალ კვირას გაგრძელდება.

გუშინ თელ-ავივში საპროტესტო აქციაზე 200 000 ადამიანი გამოვიდა. სულ კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოპოზიციის თქმით, დემონსტრაციებში 630 000 მოქალაქე მონაწილეობდა.

მსგავსი სიახლეები