ISW: პირველად ომის დაწყების შემდეგ უკრაინა სტრატეგიულ ინიციატივას ეუფლება

პირველად ომის განმავლობაში უკრაინა ომის მსვლელობის განსაზღვრას იწყებს და სტრატეგიულ ინიციატივას ეუფლება. 

ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის ყოველდღიურ მიმოხილვაშია ნათქვამი. 

ამერიკელი სამხედრო ექსპერტების შეფასებით, უკრაინის წარმატებული კონტრიერიშები რუსეთის არმიას აიძულებს ფორსირებულ გადაჯგუფებას ხერსონში. უკრაინელების იერიშის ფონზე, ოკუპანტები იძულებულები არიან ხერსონისა დ დასავლეთ ზაპოროჟიის ფრონტი დონბასიდან გადმოსროლილი დაჯგუფებებით გააძლიერონ, რაც თავისთავად ასუსტებს რუსეთის პოზიციებს აღმოსავლეთ უკრაინაში. 

ამგვარი გადაჯგუფების აუცილებლობის ფონზე, ომის კვლევის ინსტიტუტში ვარაუდობენ, რომ რუსეთის არმია იძულებული გახდა დროებით შეეჩერებინა იერიში ქალაქ სლოვიანსკზე და სივერსკზე. 

ამ დროისთვის ოკუპანტები ცდილობენ ფრონტის სხვასდახვა მიმართულებით ავიაციასა და მძიმე ტექნიკას თავი მოუყარონ ოკუპირებულ ყირიმში. 

ომის კვლევის ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ რუსეთს ადრეც შეუცვლია შეტევის მიმართულებები მაგალითად როდესაც ხარკოვიდან მათი ფოკუსი ლუჰანსკის ობლასტზე გადავიდა, თუმცა ეს მათი თავისუფალი არჩევანი იყო. 

კიევთან განცდილი დამარცხების შემდეგაც კი ოკუპანტებს ჰქონდათ თავისუფლება თავად აერჩიათ შეტევის მიმართულება და კონცენტრაცია.

"უკრაინის მიერ კონტრიერიშისთვის მზადება ამ ეტაპისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციები, რუსეთის არმიის მკვეთრ დასუსტებასთან ერთად, უკრაინას აძლევს საშუალებას პირველად ომის განმავლობაში განსაზღვროს მისი მსვლელობა",- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში. 

რუსეთის წინაშე არსებული დილემის სიმწვავე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებს უკრაინა გააგრძელოს წარმატებული იერიშები სხვადასხვა ფრონტზე ერთდროულად. 

სამხედრო ექსპერტების ვარაუდით, თუ უკრაინა შეძლებს ხერსონში არსებული ტემპის პარალელურად წნეხი გაზარდოს იზიუმის მიმართულებითაც, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა მძიმე არჩევანის წინაშე აღმოჩნდება. 

ამ შემთხვევაში ოკუპანტებს მოუწევთ გააკეთონ არჩევანი: დათმონ იზიუმის დასავლელით არსებული პოზიციები, მათი მომარაგების ხაზების დასაცავად ან იძულებულები იქნებიან იზიუმთან პოზიციები ფრონტის სხვა მიმართულებებიდან გადმოსროლილი ძალებით გაამაგრონ, რაც თავის მხრივ სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის რუსეთის მიერ ომის შემდეგ მოპოვებულ ტერიტორიებს. 

 

მსგავსი სიახლეები