ISW: პუტინმა, თითქმის დანამდვილებით,სარდლობას პრიგოჟინის ჩამოგდება უბრძანა
"ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა" (ISW) მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც 23 აგვისტოს მომხდარი მოვლენებია აღწერილი. ცხადია, კერძო სამხედრო ორგანიზაცია ვაგნერის ლიდერების სიკვდილი, ანგარიშის ცენტრალურ ნაწილს იკავებს.
ISW-ში მიაჩნიათ, რომ პრიგოჟინისა და მისი თანამებრძოლების თვითმფრინავის ჩამოგდების ოპერაციას, მხოლოდ შოიგუ და გერასიმოვი, ვლადიმერ პუტინის ჩართულობის გარეშე ვერ შეძლებდნენ.
"ვლადიმერ პუტინმა, თითქმის დანამდვილებით, სამხედრო სარდლობას უბრძანა, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოეგდოთ," წერია ანგარიშში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ ISW ამ საკითხის დეტალურ მოკვლევას გააგრძელებს.
აჯანყების ჩახშობის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და კრემლი, ინტენსიურად ახორციელებდნენ, როგორც ვაგნერის განადგურებას, ასევე ევგენი პრიგოჟინის პოზიციების შესუსტებას, სადაც მისი სიკვდილი, სავარაუდოდ, ამ გეგმის ბოლო ნაწილს წარმოადგენდა.
ვაგნერისა და თავდაცვის სამინისტროს ინსაიდერების ინფორმაციით, შოიგუს უწყებას დაწყებული აქვს ახალი "ჩვკ"-ს ფორმირება, რომელიც ვაგნერს აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში ჩაანაცვლებს. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ამ დაჯგუფებაში, თავის მოყრა ვაგნერის ყოფილმა მებრძოლებმაც დაიწყეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ლუკაშენკამ მათთვის ფინანსების გამოყოფაზე უარი განაცხადა.
ამავე წყაროების თანახმად, სამმხრივი შეთანხმების შემდეგ, რომელიც ლუკეშანკას, პუტინსა და პრიგოჟინს შორის შედგა, ეს უკანასკნელი არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩავარდა, რადგანაც ვეღარ ახერხებდა ვაგნერისთვის შესაბამისი დაფინანსებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფას, რამაც შენაერთის მებრძოლების ნელი გადინება გამოიწვია.
სავარაუდოდ, ევგენი პრიგოჟინი ასევე ცდილობდა, რომ შეწინააღმდეგებოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიზანს, რაც საგარეო ფრონტზე ვაგნერის დასუსტებას გულისხმობდა. კონფიდენციალური წყაროს მიხედვით, გრუ-ს მაღალჩინოსნის, გენერალ ანდრეი ავერიანოვის გეგმის თანახმად, აფრიკაში ვაგნერის შენაერთების სრულ პარალიზება უნდა მომხდარიყო, ხოლო მათ შემცვლელად 20,000 ადამიანის რეკრუტირება და წვრთნა დაიგეგმა.
ევგენი პრიგოჟინის აფრიკაში ჩასვლა, საიდანაც მან უკანასკნელი ვიდეო მიმართვა ჩაწერა, სავარაუდოდ, სწორად ამ დაპირისპირებით იყო გამოწვეული.
ლიდერების გარეშე დარჩენილი ვაგნერის მომავალი ამ დრომდე უცნობია. დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ევგენი პრიგოჟინი და დმიტრი უტკინი, ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად, ამ დაჯგუფების სახეს წარმოადგენდნენ. უკანასკნელი ინფორმაციით, ვაგნერის მეთაურები, სამომავლო გეგმების შესახებ, უახლოეს მოამვალში ისაუბრებენ საჯაროდ.
ზოგიერთი წყარო აღნიშნავს, რომ პრიგოჟინის შენაერთის მებრძოლები ამ დრომდე საკუთარ პოსტზე არიან, როგორც ბელარუსში, ასევე აფრიკის სხვადასხვა ქვეყნებში.
შესაძლოა, პუტინმა ჩათვალა, რომ მან წარმატებით მოახერხა პრიგოჟინის გამოცალკევება ვაგნერისგან, ხოლო ახლა კარგი დრო იყო მის მოსაკლავად, რადგანაც წამებულის მანტია არ ექნებოდა.
ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შემცირებული ხელფასისა და რესურსების ფონზე, მებრძოლები ვაგნერს ტოვებდნენ, ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, ახალი კერძო-სამხედრო შენაერთების ჩამოყალიბებით იყო დაკავებული, სადაც ეს ხალხიც გადაინაცვლებდა. ISW წერს, რომ ვაგნერის მებრძოლები მივიდნენ იმ წერტილამდე, სადაც მათთვის ანაზღაურება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პრიგოჟინისადმი ერთგულება.
"ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" მიერ განხილულ სცენარებში, ასევე მოხვდა მოსაზრება, რომ პუტინთან დადებული შეთანხმების საფუძველზე, ევგენი პრიგოჟინს აფრიკაში საკუთარი ოპერაციები უნდა შეეზღუდა, ხოლო მედიაში გამოჩენისგან თავი შეეკავებინა, რაც 21 აგვისტოს, აფრიკიდან ჩაწერილი მიმართვის გავრცელებით დაირღვა. ვარაუდის თანახმად, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინმა ეს ნაბიჯი საბოლოო ზღვარის გადალახვად მიიჩნია, რის შემდეგაც, პრიგოჟინის ლიკვიდაცია გადაწყდა.
ნაკლებად სავარაუდო სცენარებს შორის, განიხილება ვერსია, რომ ევგენი პრიგოჟინისა და მისი თანამებრძოლების ლიკვიდაციისთვის, 23 აგვისტო შემთხვევით აირჩია. ეს კიდევ უფრო ნაკლებადაა სარწმუნო იმ ფონზე, თუკი გავიხსენებთ, რომ ავიაკატასტროფამდე, პუტინმა, ვაგნერთან აფილირებული გენერალი, სერგეი სუროვიკინი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად, ვიქტორ აფზალოვი დანიშნა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ორი მოვლენა ერთმანეთს დამთხვეოდა. მეტიც, მაღალი ალბათობით, ამ გზით, ვლადიმერ პუტინს მკაფიო სიგნალის გაგზავნა სურდა მათ მიმართ, ვინც აჯანყებაში მონაწილეობდა.