ISW: რუსეთს არ ჰყოფნის რეზერვები რამდენიმე მიმართულებით მსხვილი შეტევებისთვის

რუსეთის ცოცხალი ძალის რეზერვი არ არის საკმარისი რამდენიმე მიმართულებით მსხვილი შეტევების საწარმოებლად. 

ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტის ყოველდღიურ ბიულეტენშია ნათქვამია. 

ინსტიტუტის ცნობით, გასული 1.5 წლის განმავლობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამართა ჯარის ცოცხალი ძალით მომარაგების ეფექტური სისტემა. 

მკვლევრები წერენ, რომ მაღალი ანაზღაურებისა და ფინანსური ჯილდოს სანაცვლოდ რუსეთის არმია ყოველთვიურად 30 ათასამდე ადამიანს არაკრუტებს. 

ISW-ის ანგარიშით უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი მსხვილ შენაერთებში ყოველთვიურად 1000-დან 2 000-მდე ჯარისკაცს გზავნიან, თუმცა დანაკარგების მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით ეს მხოლოდ დანაკარგების შესავსებად არის საკმარისი. 

ამგვარად, ბიულეტენის ავტორები ასკვნიან, რომ რუსეთის ხელთ არსებული რეზერვები არ იქნება საკმარისი რამდენიმე მიმართულებით მსხვილი შეტევების გასავითარებლად. 

"თუ რუსეთის არმია ზაფხულში იერიშის წამოწყებას გეგმავს, მათ მხოლოდ ერთი მიმართულების არჩევა მოუწევთ" - ნათქვამია ბიულეტენში. 

კონტექსტი 

9 ივნისს გამოცემა Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ წელს რუსეთისთვის შესაძლებლობის ფანჯარა იხურება. 

გამოცემის ცნობით, რუსეთმა ვერ ისარგებლა პაუზით, როდესაც უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის პროცესი დასავლელი მოკავშირეების მხრიდან მკვეთრად შემცირდა. 

გამოცემა წერს, რომ 10 მაისს საოკუპაციო არმიის მიერ ხარკივის მიმართულებით ახალი ფრონტის გახსნამ ვერ მიაღწია პუტინის მიერ დასახულ ოფიციალურ მიზანს - ე.წ. სანიტარული კორდონის შექმნას ბელგოროდის ირგვლივ.

რუსეთის ყველაზე დიდ წარმატებად გამოცემა თებერვალში ქალაქ ავდიივკის დაკავებას ასახელებს და ხაზს უსვამს, რომ პროცესში რუსეთმა უმძიმესი დანაკარგები განიცადა. 

ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ჩასოვ იარის ბრძოლაზე - პატარა ქალაქი ბახმუტის შემოგარენში, რომლის დაკავებასაც რუსეთის არმია უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობს. 

მოსკოვის სტრატეგიების ანალიზისა და ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი, რუსლან პუხოვი ამბობს, რომ კრემლის მიერ არჩეული ЗСУ-ს გამოფიტვის სტრატეგია ძვირი უჯდება მოსკოვსაც. რუსი ექსპერტის თქმით, პროცესმა შესაძლოა ძლიერ გამოფიტოს რუსეთის არმია, რაც უკრაინელებს კონტრიერიშის შანსს მისცემს. 

სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტუტის მკვლევარი, ბენ ბარი ყურადღებას ამახვილებს რუსეთის არმიის ხარისხობრივ დეგრადაციაზე - ექსპერტის თქმით, რუსეთმა დაკარგა ყველაზე ბრძოლისუნარიანი ჯარისკაცები, ოფიცრები და მოწინავე ჯავშანტექნიკა და ამჟამად მას არ შეუძლია მასშტაბური, ფრონტის ღრმა გარღვევაზე ორიენტირებული გაერთიანებული საჯარისო ოპერაციების წარმოება.  

მსგავსი სიახლეები