ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოში ვიზიტით მყოფი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემები საარჩევნო გარემო და მასზე „რუსული კანონის“ გავლენა იყო.
„წელს, საქართველოსთან მიმართებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც უახლოეს თვეებში მოხდება, არჩევნებია, შესაბამისად, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებითაც იყო საუბარი“,- განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე“ ნონა ქურდოვანიძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე, ასევე საუბარი იყო „რუსულ კანონის“ გამოწვევებზე.
„საუბარი იყო, რა გამოწვევის წინაშე ვდგავართ ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები და მთლიანად საზოგადოება, როდესაც „რუსული კანონი“ საქართველოში უკვე მიღებულია და შესაძლოა, უახლოეს დღეებში ორგანიზაციები მონიტორინგის მსხვერპლებიც გახდნენ“,- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.