კარპენტერი: საქართველოს კურსში ძალიან ბევრი რამ გვაშფოთებს
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწემ და თეთრ სახლში შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეშფოთების გამოხატვა საკმარისი არ არის.
„საქართველოს ტრაექტორია ძალიან გვაწუხებს. ბოლო დროს განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების სივრცის შემცირება ჩვენთვის შემაშფოთებელია.
ამ ტრაექტორიას უკვე საკმაო ხანია ვხედავთ და „უცხოეთის აგენტების კანონი“ ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა. გულწრფელად რომ ვთქვათ, მმართველი პარტიისგან მომავალი განცხადებებიც შეშფოთების საგანია. ასე რომ, ჩვენ მოქმედება დავიწყეთ. შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის დახმარება, რომელსაც ჩვეულებრივ ვუწევთ ხოლმე საქართველოს მთავრობას; გავატარეთ შეზღუდვის პოლიტიკა „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების, სამართალდამცავების, კერძო მოქალაქეების, პარლამენტის წევრების მიმართ, რომლებიც თანამონაწილენი არიან იმ ქმედებებისა, რომლებიც არღვევენ დემოკრატიულ ნორმებს საქართველოში. ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რათა შესაბამის პირებს პასუხი ვაგებინოთ იმაზე, რაც მოხდა.
იმის თქმა, რომ ეს [მოვლენები] შემაშფოთებელია, საკმარისი არაა. საქართველოს კურსში ძალიან ბევრი რამ გვაშფოთებს“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სპეციალურმა თანაშემწემ აქცენტი დასვა საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების კონკრეტულ ქმედებებზე.
„რუსეთის მავნე გავლენის კამპანია გვხვდება ევროპის მასშტაბით, რა თქმა უნდა, რეგიონში და ნამდვილად საქართველოშიც. საჭიროა ამაზე დაკვირვება. მაგრამ ძალიან ნათლად მინდა ვთქვა, რომ ვხედავთ ქმედებებს, რომელსაც [საქართველოს] მთავრობა ახორციელებს. არ ვიცი რამდენად სარგებლობს რუსეთი იმით, რაც საქართველოში ხდება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ქმედებებს ქართველი ოფიციალური პირებისგან და არა რუსი ოფიციალური პირებისგან. ის, რასაც ისინი ჩადიან, შემაშფოთებელია. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ძალიან ნათლად გამოვხატავთ იმას, რომ ასეთ ქმედებებს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს.
ევროკავშირმა ყველა თავისი მცდელობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შეაჩერა. ეს მინიშნება უნდა იყოს, ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, მინიშნება უნდა იყოს, რომ [ქვეყნის] ტრაექტორია საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან შეუთავსებელია“, - თქვა კარპენტერმა.