დანიგანი: ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა, განახლებული ამერიკული კუთხის გახსნაზე ბათუმში ჟურნალისტებს ესაუბრა.
ელჩის განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უცხოური დახმარების შესახებ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის, უცხოური გავლენის შესახებ კანონით - იმის შესახებ, თუ რას აკეთებს უცხოური დახმარება... ეს არის დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქართველებისთვის, ქართველები ეხმარებიან ახალგაზრდებს ინგლისური ენის შესწავლაში, ეხმარებიან ქართული კულტურის შენარჩუნებასა და დაფასებაში.
ეს არის ის, რასაც ჩვენი მხარდაჭერა ემსახურება. ასე რომ, ეს დადებითია, ეს არის საქართველოსთან ერთად მუშაობა და ეს არ არის უარყოფითი“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ელჩმა ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებსაც აშშ აჭარაში ახორციელებს.
“ბათუმში ჩამოვედით, რათა მოვინახულოთ ის ოთხი პროექტი, რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით ვმუშაობთ. პირველი პროექტი, რაც მოვინახულე არის აგრარული კოოპერაცია, რომლითაც ფერმერებს ქვეყნის გარეთ ხილის გასაყიდად საჭირო მანქანა-დანადგარები გადავეცით. ასევე, მოვინახულეთ დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი, რომელიც აჭარის რეგიონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დახმარებას უწევს” - განაცხადა დანიგანმა.