კანადის საპარლამენტო არჩევნებში ლიბერალებმა გაიმარჯვეს

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ პირველი განცხადება გააკეთა ოტავაში მას შემდეგ, რაც მისმა ლიბერალურმა პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა.
State of Play: თავის გამოსვლაში მან აშშ-სთან კანადის ურთიერთობებზეც ისაუბრა, რომელიც კანადის "51-ე შტატად" შეერთების შესახებ ტრამპის განცხადებების და ტარიფების ომის შემდეგ, მკვეთრად გაუარესდა.
- "ჩვენი ძველი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, რომელიც დაფუძნებულია სტაბილურად გაღრმავებულ ინტეგრაციაზე, დასრულდა. ღია მსოფლიო სავაჭრო სისტემა, რომელიც ორიენტირებულია შეერთებულ შტატებზე, სისტემა, რომელსაც კანადა ეყრდნობოდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სისტემა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო სრულყოფილი, დაეხმარა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას ათწლეულების განმავლობაში, დასრულდა." - აღნიშნა კარნიმ.
- "ჩვენ გადავიტანეთ ამერიკული ღალატის შოკი, მაგრამ არასოდეს უნდა დავივიწყოთ გაკვეთილები. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს. და უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე," - თქვა მან.
- მან არსებულ ვითარებას "ტრაგიკული" უწოდა, თუმცა დასძინა, რომ "ეს არის ჩვენი ახალი რეალობა."
Big Picture: ამომრჩევლებმა კანადის ლიბერალური პარტია ზედიზედ მეოთხე ვადით აირჩიეს, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, მოიპოვა თუ არა კარნიმ საპარლამენტო უმრავლესობა, თუ მას კოალიციური პარტნიორები დასჭირდება.
- უმრავლესობის შესაქმნელად პარტიას 172 მანდატი სჭირდება. კანადური CTV-ის ცნობით, ლიბერალები უმცირესობის მთავრობის შექმნას შეძლებენ, ხოლო CBC ამბობს, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, შეძლებენ თუ არა ისინი უმრავლესობის მოპოვებას.
- კონსერვატიული ოპოზიციის ლიდერმა პიერ პოლიევრმა სამშაბათს, დილით, აღიარა დამარცხება და თქვა, რომ კარნიმ მოიპოვა საკმარისი მანდატები, რათა ჩამოაყალიბოს "მყიფე უმცირესობის მთავრობა."
Context: მარკ კარნი ცნობილი ფინანსისტია, წარსულში ის ბრიტანეთის და კანადის ცენტრალურ ბანკებს ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც გასულ თვეში უკიდურესად არაპოპულარული ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო გადადგა, ის მმართველი პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრემიერი გახდა.
- დონალდ ტრამპის მიერ კანადის ანექსიის შესახებ მუქარების და ტარიფების ომის ფონზე, მოსახლეობის განწყობა მკვეთრად შეიცვალა და საზოგადოება მოქმედი ხელისუფლების ირგვლივ გაერთიანდა.
- კარნის პრემიერად არჩევამდე და ტრამპის გაპრეზიდენტებამდე, პოლიევრი ფავორიტად მიიჩნეოდა.
- პოლიევრის თქმით, მისი კონსერვატორები იმუშავებენ კარნისთან და სხვა პარტიებთან ერთად "კანადის ინტერესების და ჩვენი სუვერენიტეტის დასაცავად."
- ტრამპის ტარიფები კანადის ექსპორტზე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკასა და ხანგრძლივ სტაბილურობას. აშშ-ის პრეზიდენტის მიერ 25%-იანი ტარიფების დაწესებამ კანადურ ფოლადსა და ალუმინზე, მანქანებსა და მანქანის ნაწილებზე, ასევე ფარმაცევტულ პროდუქტებსა და ხე-ტყეზე, ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმე გავლენა მოახდინა.