კატალონიელი სეპარატისტები სანჩესის მხარდაჭერის სანაცვლოდ ამნისტიას ითხოვენ
კატალონიელი სეპარატისტების ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა ორშაბათს, ესპანეთის პრემიერ პედრო სანჩესის მხარდაჭერის სანაცვლოდ, თავისი პირობები დაასახელა. მან 2017 წლის კატალონიის დამოუკიდებლობის არალეგალური რეფერენდუმის ორგანიზატორებისთვის ამნისტია მოითხოვა.
ამ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
ბრიუსელში მხარდამჭერებთან საუბრისას კატალონიის რეგიონის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "დამოუკიდებლობის მოძრაობის დევნის დასრულება ღირსების საკითხია."
პუჩდემონმა ესპანეთის პრემიერის მოვალეობის შემსრულებელ სანჩესს მოუწოდა, პროკურორებს უბრძანოს შეაჩერონ სეპარატისტთა წინააღმდეგ აღძრული საქმეები.
"თვითგამორკვევა კატალონიური ერის აღიარებაა," - აღნიშნა მან. "კატალონიელებს ამის უფლება აქვთ."
პუჩდემონის თქმით, კატალონიური ენა ევროკავშირის ინსტიტუტებში ოფიციალურ ენად უნდა აღიარონ.
პუჩდემონის პოლიტიკურ ძალას, Junts per Catalunya-ს შვიდი ხმა აქვს ესპანეთის პარლამენტში, რაც გადამწყვეტია, რათა სანჩესმა ხმების უმრავლესობის შეგროვება შეძლოს. თუ ისინი მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ, ესპანეთში სავარაუდოდ განმეორებითი არჩევნები გაიმართება.
კატალონიური Junts per Catalunya-ს გენერალურმა მდივანმა ჟორდი ტურულემ განაცხადა, რომ ესპანეთში არჩევნების შემდეგ "შესაძლებლობის ფანჯარა" დაინახა კატალონიის დამოუკიდებლობის მისაღწევად.
ტურულე იმ ცხრა კატალონიელ სეპარატისტ ლიდერს შორის იყო, რომლებიც პედრო სანჩესმა 2021 წელს შეიწყალა. მათ არალეგალური რეფერენდუმის ორგანიზებაში ედებოდათ ბრალი. თუმცა, მათი ბევრი სხვა მხარდამჭერი ჯერ კიდევ სისხლის სამართლის დევნის ქვეშ არიან, მათ შორის კატალონიის რეგიონული მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კარლეს პუჩდემონი, რომელსაც ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გავლენა აქვს პარტიაში.
2023 წლის ივლისის არჩევნებს ცალსახა გამარჯვებული არ ჰყოლია. მემარჯვენე ცენტრისტულმა სახალხო პარტიამ და ულტრამემარჯვენე Vox-მა მანდატების უმრავლესობა ვერ მოიპოვეს, თუმცა საკმარისი რაოდენობის დეპუტატები არც მემარცხენე პარტიებს ჰყავთ.
უმრავლესობის ბედს მემარცხენე პარტიების და რეგიონული, სეპარატისტული პარტიების მოლაპარაკება გადაწყვეტს.