ხანძრის გამო, ტენერიფეზე 26 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა

მასშტაბური ტყის ხანძრების გამო, ესპანეთის საკურორტო კუნძულ ტენერიფეზე 26 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 15 აგვისტოს კუნძულის ჩრდილოეთით გაჩენილი დამანგრეველი ხანძარი მძიმე ამინდის გამო კიდევ უფრო დიდ ტერიტორიაზე გავრცელდა.

რეგიონის ხელმძღვანელმა ფერნანდო კლავიომ განაცხადა, რომ 19 აგვისტოს, დილით ექვსი სოფლის მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. 

მისი თქმით, დიდი ალბათობით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ხანძარი ტენერიფეში ბოლო 40 წლის განმავლობაში. კლავიომ აღნიშნა, რომ ევაკუაცია პრევენციული ღონისძიებაა და ხანძრის გავრცელება მეტწილად ლოკალიზებულია.

თავის მხრივ, მონსერატის სამოქალაქო თავდაცვის რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელმა რომან კაზამარტინამ განაცხადა, რომ სიტუაცია "საკმაოდ სტაბილურია." მისი თქმით, სახლები ჯერ არ დაზიანებულა, ევაკუირებული მოსახლეობა კი რამდენიმე დასახლების სპორტდარბაზშია მოთავსებული.

19 აგვისტოს კუნძულზე ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ფერნანდო გრანდე მარლაში და ტურიზმის მინისტრი ჰექტორ გომესი ჩავიდნენ, ხოლო პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი კანარის კუნძულებზე 21 აგვისტოს ჩავა.

პარასკევს საღამოს ტენერიფეს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხანძარმა დაახლოებით 5000 ჰექტარი მოიცვა. მისი ჩაქრობა რთულია ძნელად მისადგომი რელიეფის, გვალვის, ძლიერი კვამლის, ჰაერის მაღალი ტემპერატურის, ასევე ძლიერი და ცვალებადი მიმართულების ქარის გამო.

მსგავსი სიახლეები