მოკლე მიმოხილვა| ვადა ამოწურულია, ნიგერში სამხედრო ინტერვენცია იქნება?
სამხედრო გადატრიალების გზით ხელისუფლების უზურპირების შემდეგ, ნიგერის ხუნტამ ქვეყნის საჰაერო სივრცე ჩაკეტილად გამოაცხადა, რადგანაც ეშინიათ, რომ სხვადასხვა აფრიკული ქვეყანა სამხედრო ინტერვენციას დაიწყებს.
უფრო კონკრეტულად კი, დასავლეთ აფრიკული ქვეყნების ეკონომიკურმა გაერთიანებამ (ECOWAS), სადაც 15 ქვეყანაა გაერთიანებული, ნიგერის ხუნტას მოუწოდა, რომ დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, მოჰამედ ბაზუმის მთავრობა აღადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხედრო ოპერაცია არ გამორიცხა, რისთვისაც ბოლო ვადად 6 აგვისტოს ღამე იყო დასახელებული.
მოჰამედ ბაზუმი 26 ივლისს ჩამოაგდეს, რის შემდეგაც, მისმა დაცვის წევრებმა, იგი საპრეზიდენტო სასახლეში დაატყვევეს.
"ინტერვენციის საფრთხიდან გამომდინარე, რაზეც მეზობელ სახელმწიფოებში მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები მეტყველებს, ნიგერის საჰაერო სივრცე, კვირა დღიდან, ყველა საჰაერო ტრანსპორტისთვის დაიკეტება"-ნათქვამია სამხედრო ხუნტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცალკე განცხადება გაავრცელა "ნაციონალურმა საბჭომ სამშობლოს დაცვისთვის" - მოძრაობამ, რომელმაც ძალაუფლება ხელში აიღო. იმ გენერლების თქმით, რომლებიც ამ დაჯგუფებაში არიან, ცენტრალური აფრიკის ორი ქვეყანა თავდასხმისთვის ემზადება, თუმცა კონკრეტიკისგან თავი შეიკავეს.
ხუნტის ათასობით მხარდამჭერი, კვირას, ნიგერის დედაქალაქ ნიამეის სტადიონზე შეიკრიბა, სადაც ნაციონალურ საბჭოს მხარდაჭერა გამოუცხადეს. თავად ეს სტადიონი, სეინი კუნჩეს სახელობისაა, ადამიანის, რომელმაც 1974 წელს, ქვეყანაში პირველი სამხედრო გადატრიალების ლიდერი იყო.
ნაციონალური საბჭოს ლიდერები, მათ შორის გენერალი მოჰამედ ტუმბა, სტადიონზე მისულ მხარდამჭერებს მიესალმნენ. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ გადატრიალების ლიდერების ფოტოების გარდა, სტადიონზე მისულ ხალხს რუსეთის დროშები ჰქონდა გაშლილი.
სამხედრო ინტერვენცია - როგორია გეგმა?
დასავლეთ აფრიკული ქვეყნების ეკონომიკური გაერთიანების ქვეყნების (ECOWAS) სამხედრო მაღალჩინოსნებისგან დაკომპლექტებულმა შტაბმა მოამზადა გეგმა, რომელიც შესაძლოა, ინტერვენციის შემთხვევაში გამოიყენონ.
"ჩვენ გვინდა, რომ დიპლომატიამ იმუშაოს. გვსურს, რომ ეს მესიჯი ხუნტის ლიდერებამდე მივიდეს. მათ ვაძლევთ შანსს, რომ ხელახლა აღადგინონ ყველაფერი" - განაცხადა ECOWAS-ის კომისარმა აბდელ ფატაუ მუსაფამ. თუმცა, მან ისიც აღნიშნა, რომ სამხედრო ინტერვენციის გეგმებიც შემუშავებულია.
თავის მხრივ, საფრანგეთმა ღიად განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ECOWAS-ის ქვეყნების მიერ მიღებულ მოქმედების ნებისმიერ კურსს, 6 აგვისტომდე მიცემული ბოლო ვადის შემდეგ. აქვე, უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ნიგერის ხელისუფლების უზურპირების შემდეგ, ხუნტამ საფრანგეთთან სამხედრო თანამშრომლობა გაწყვიტა.
სამხედრო ლიდერებს გადადგომისკენ მოუწოდა კოტ დ'ივუარის პრეზიდენტმაც, რომლის თქმითაც, გადატრიალება საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის უსაფრთხოებას.
სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგია ალჟირი, რომლის პრეზიდენტმა, აბდელმაჟიდ ტაბუნმა, სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მსგავსი ნაბიჯი საფრთხეს უქმნის მისი ქვეყნის უსაფრთხოებას. ალჟირს დაახლოებით 1,000 კილომეტრიანი საზღვარი აქვს ნიგერთან.
მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, ბურკინა ფასოსა და მალისთვის, ფინანსური დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო საფრანგეთმა. ორივე ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, ნიგერზე თავდასხმა "ომის გამოცხადებად" იქნება განხილული. თავის მხრივ, ბურკინა ფასოშიც და მალიშიც, გასულ წლებში სამხედრო გადატრიალება მოხდა, რის შემდეგაც, დემოკრატიულად არჩეული მთავრობებს, დღემდე სამხედრო ხუნტები ანაცვლებენ.
დასავლეთისთვის, ნიგერი მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო ჯიჰადისტური ამბოხეხებების დამარცხებაში, რაც 2012 წლის შემდეგ, განსაკუთრებით სახიფათო გახდა საჰელის რეგიონში. საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნიგერში, ჯამში 2,500 სამხედრო ჰყავდათ განთავსებული.
გადატრიალების შემდეგ, საფრანგეთის მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია მოკლე დროშივე დაიწყო, ხოლო კვირას ცნობილი გახდა, რომ იტალიის მთავრობამ 65 იტალიელი სამხედრო გამოიწვია უკან.
ანტი-ფრანგული განწყობები
საფრანგეთის საწინააღმდეგო განწყობების ზრდის ფონზე, რაც რეგიონში აშკარად შეინიშნება, სახეზეა რუსული გავლენის ზრდა, რაც ძირითადად ვაგნერის წარმომადგენლების სახით გაზრდით არის გამოხატული. კრემლმა საჯაროდ გააფრთხილა ყველა, რომ თავი შეიკავონ სამხედრო ინტერვენციისგან.
ნიგერი აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფოა, რომლის ეკონომიკური მდგომარეობაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის გარე დახმარებებზე. პარიზში განაცხადეს, რომ ბიზუმის ხელისუფლებიდან საბოლოოდ ჩამოცილების შემთხვევაში, ეს დახმარება შესაძლოა შეჩერდეს.
63 წლის პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები, საკუთარ რეზიდენციაში, ტყვეობაში იმყოფებიან. 2021 წელს, მოჰამედ ბიზუმმა არჩევნებში გაიმარჯვა, რომლის შემდეგაც, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ერთმა სამოქალაქო ჯგუფმა მეორეს, ხელისუფლება არჩევნების შედეგების საფუძველზე დაუთმო.
ინტერვენციის რისკის პარალელურად, ნიგერში სოციალური ფონი სულ უფრო და უფრო მძიმე ხდება. მეზობელმა ნიგერიამ ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვიტა, ხოლო ნიგერის სამხედრო ხუნტის მიერ, საჰელის სახელმწიფოებისთვის საზღვრების დაკეტვის შემდეგ, ქვეყანაში საკვებისა და პირველადი მოხმარების საგნების დეფიციტის რისკია.
მასალა მომზადებულია Le Monde-ის, AFP-ს და BBC-ის წყაროებზე დაყრდნობით.