კოვიდი ინდოეთში: დელიში კრემაციის სივრცეებიც აღარ არის
დელიში ხელისუფლებამ კრემაციისთვის ახალი ადგილების ძებნა დაიწყო, რადგან ქალაქის ყველა კრემატორიუმი და მორგი გადატვირთულია.
ინდოეთში კორონავირუსის მეორე ტალღა პიკშია. პარასკევს ქვეყანაში ინფიცირების 386,452 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც დღიური ზრდის რეკორდია. იმავე დღეს ინდოეთში 3,500 ადამიანი დაიღუპა, ქალაქ დელიში კი 400.
ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 18 მილიონზე მეტია.
პარასკევს ინდოეთმა აშშ-სგან პირველი, 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამედიცინო დახმარება მიიიღო. ქვეყანამ ამერიკისგან მილიონი სწრაფი კოვიდ ტესტი და 100,000 N95 ნიღაბი მიიღო. თეთრი სახლის განცხადებით ჯამში ინდოეთი 15 მილიონ N95 ნიღაბს მიიღებს.
თუმცა, ქვეყანაში სასუნთქი აპარატების მწვავე დეფიციტია. ინდოეთის მთავრობას მკაცრად აკრიტიკებენ წინასაარჩევნოდ ხალხმრავალი შეკრებების და რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნის დაშვების გამო.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ინდოეთში გარდაცვალების რიცხვი ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ყველაზე მცირეა და პაციენტებისთვის ჟანგბადის მიწოდებაც “ადეკვატური” იყო.
ვაქცინაცია ინდოეთში
შაბათს, ინდოეთის ხელისუფლებამ ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ ყველა მოქალაქისთვის დაუშვა. მათი რაოდენობა ჯამში 800 მილიონია, თუმცა ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტია.
ამჟამად ინდოეთში მოსახლეობის 10%-ზე ნაკლები აიცრა.
ხუთშაბათს, დელის ჯანდაცვის მინისტრმა სატიენდარ ჯაინმა განაცხადა, რომ დედაქალაქში ვაქცინები აღარ ჰქონდათ.
ინდოეთის ფინანსურ დედაქალაქში, მუმბაიში, სადაც 20 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვაქცინაცია 3 დღით შეწყდა ვაქცინების დეფიციტის გამო.
ამან შეიძლება ქვეყანაში კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავოს, რადგან 1 მაისს, 40 მილიონი ადამიანი იქნება ვაქცინის მეორე დოზის რიგში.