კუბამ პირველი მაისის დემონსტრაცია საწვავის დეფიციტის გამო გააუქმა

ბენზინისა და დიზელის მწვავე უკმარისობის გამო კუბის მთავრობამ პირველი მაისის ტრადიციული საზეიმო დემონსტრაცია გააუქმა. 

კუბის რევოლუციის შემდეგ, პირველ მაისს კუნძულზე მშრომელთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება. წლის მთავარ დღესასწაულზე ხელისუფლებას რეგიონებიდან ათასობით ადამიანი ჩაჰყავს დედაქალაქ ჰავანაში. 

წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც საზეიმო დემონსტრაცია ეკონომიკური მიზეზით გაუქმდა - 2020 და 2021 წელს დემონსტრაცია კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა. 

ბოლო კვირებში კუბაში საწვავის მწვავე დეფიციტი წარმოიქმნა - მძღოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალი საათით დგანან ბენზინგასამართი სადგურების რიგში, სატვირთო მანქანების მძღოლები კი დიზელის რიგში დღეებს ატარებენ. 

შექმნილ კრიზისზე საუბრისას მიგელ კანელ-დიაზმა განაცხადა, რომ ქვეყანა ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო საწვავის მოცულობის მხოლოდ მესამედს იღებს. შექმნილ ვითარებაში დიაზმა "არაკეთილსინდისიერი მომწოდებლები" დაადანაშაულა, რომლებიც არ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს. 

კონტექსტი 

2000 წელს კუბასა და ვენესუელას შორის დადებული ე.წ. ბარტერული შეთანხმების შემდეგ კუბის მთავარი მიმწოდებელი სწორედ კარაკასი გახდა. შეთანხმების მიხედვით, კუბა ვენესუელაში აგზავნის კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალს, მასწავლებლებს და ასევე კონტრ-დაზვერვის სპეციალისტებს სანაცვლოდ კი ნავთობს იღებს. 

თავის მხრივ შესაძლოა კრიზისი უკავშირდებოდეს ვენესუელაში შექმნილ კრიზისს - კუბისთვის მიწოდებული ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვით კარაკასი შესაძლოა შემოსავლის დამატებით წყაროს ეძებდეს. 

ვენესუელაში შექმნილი უმწვავესი ეკონომიკური კრიზისის ფონზე ბოლო ათწლეულში კუბისთვის მიწოდებული ნავთობის მოცულობა ისედაც განახევრებულია. 

რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში ვითარება კიდევ უფრო შეცვალა - ნავთობის მაღალი ფასების გამო აშშ-ს ადმინისტრაციამ ვენესუელასთან მოლაპარაკებები დაიწყო. ამერიკულმა სანავთობო კომპანია Chevron-მა ვენესუელაში მუშაობის ლიცენზია მიიღო, შესაბამისად მაღალი ხარისხის ვენესუელურ ნავთობს უკეთესი მყიდველი გამოუჩნდა. 

გარკვეული რაოდენობით ნავთობი კუბაზეც მოიპოვება, თუმცა მისი ხარისხი დაბალია, ხოლო ქვეყნის ნავთობ გადამამუშავებელ საწარმოებს ნედლეულის დამუშავება არ შეუძლიათ. 

მყარი ვალიუტის მუდმივი უკმარისობის ფონზე კუბას არ შეუძლია ნავთობის შესყიდვა საერთაშორისო ბაზრებზე - ვითარება კიდევ უფრო გაართულა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს დაწესებულმა სანქციებმა, რომელმაც კუბას მილიარდობით დოლარის შემოსავალი დააკარგვინა. 

საწვავის დეფიციტმა კიდევ უფრო გაართულა კუბელების ცხოვრება - სხვადასხვა მონაცემებით ქვეყანაში საშუალო ხელფასი 150-200 დოლარია, მაშინ როდესაც ლიტრი მცენარეული ზეთის ფასი 30 დოლარის ფარგლებში მერყეობს. 

თავის მხრივ კუბის კომუნისტური პარტია კვლავ აცხადებს, რომ სოციალისტური ეკონომიკა საუკეთესო გამოსავალია ქვეყნისთვის და შექმნილ პრობლემებში დამნაშავე მხოლოდ აშშ-ს მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციებია. 

სავარაუდოა, რომ ჰავანაში ძირითადად მცირე დემონსტრაციები გაიმართება, რომელზეც ხალხი ფეხით შეძლებს მისვლას.

მსგავსი სიახლეები