კუჩმა: აშშ მსოფლიოს თვალში სახეს დაკარგავს, თუ უკრაინას მიატოვებს
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ განაცხადა, რომ აშშ მსოფლიოს თვალში სახეს დაკარგავს, თუ კიევს მიატოვებს. ამის შესახებ კუჩმამ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის მესამე პრეზიდენტის თქმით, პუტინის მიერ 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესია ნაწილობრივ დასავლეთის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვია.
კუჩმამ აღნიშნა, რომ პუტინმა ნათლად დაანახა მსოფლიოს, რომ ძალის გამოყენებით აპირებს რუსეთის საზღვრების გაფართოებას, როდესაც 2008 წელს საქართველოს დაესხა თავს, რასაც ყირიმის ანექსია მოჰყვა.
"ეს იყო ძალიან უსიამოვნო, როდესაც მსოფლიოს რეაქცია არ ჰქონდა. მსოფლიო ჩუმად იყო. პუტინი მიხვდა, რომ მას შეეძლო გაეკეთებინა ყველაფერი, რაც სურს, რადგანაც ამას პრინციპული პასუხი არ მოჰყვება," – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
"ხალხი ამბობს, რომ ის (პუტინი) შეპყრობილია უკრაინით, რომ მისი უკრაინით გატაცება არის ერთგვარი მანია ან ფსიქიკური აშლილობა. ეს ალბათ მართალია." - თქვა მან.
კუჩმამ განაცხადა, რომ 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის თავდასხმის დროს ის და მისი მეუღლე ლუდმილა კიევის ცენტრში იმყოფებოდნენ.
"მე დარწმუნებული ვიყავი, რომ პუტინს შეიძლება ინტერვენცია დაეწყო, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, გაბედავდა თუ არა ამას. საშინელი შოკი იყო, როცა დავინახე ორი ბომბდამშენი, რომლებიც ჩემს თავზე დაფრინავდნენ ქუჩაში," - იხსენებს კუჩმა.
მისი თქმით, პუტინის მიზანი იყო არა მხოლოდ მიწის წართმევა, არამედ უკრაინის, როგორც "რუსეთის კონკურენტული ალტერნატივის" "კონცეფციის" განადგურება.
ლეონიდ კუჩმამ აღნიშნა, რომ იმედი აქვს აშშ შეძლებს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას.