კვლევა: საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაკრონი და პეკრესი გადიან
2022 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მემარჯვენე-ცენტრისტული რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ვალერი პეკრესი დაუპირისპირდებიან. ამას 18 დეკემბერს გამოქვეყნებულ Ipsos/SopraSteria-ს კვლევაში ვკითხულობთ.
გამოკითხვის თანახმად, ემანუელ მაკრონს მოსახლეობის 24% უჭერს მხარს.
ილ-დე-ფრანსის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე ვალერი პეკრესს, რომელიც ზომიერ, მემარჯვენე კონსერვატორად მიიჩნევა, ამომრჩეველთა 17% მისცემდა ხმას.
მესამე და მეოთხე ადგილებს 14.5%-ით ორი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი - ერიკ ზემური და მარინ ლე პენი იყოფენ.
აღსანიშნავია, რომ მარინ ლე პენის მხარდაჭერა ასეთი დაბალი 2012 წლის აპრილის შემდეგ არ ყოფილა.
ულტრამემარცხენე "დაუმორჩილებელი საფრანგეთის" ლიდერი ჟან-ლუკ მელანშონი კი ხმების 8.5%-ით მეხუთე ადგილზეა.
7-13 დეკემბერს ჩატარებული კვლევის ფარგლებში 10928 ადამიანი გამოიკითხა.