ლატვია: ნატომ ბალტიიდან შავ ზღვამდე სამხედრო ფლანგი უნდა გააძლიეროს
მზარდი რუსული საფრთხის ფონზე ნატომ აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო პოზიცია უნდა გააძლიეროს, აცხადებს ლატვიის პრემიერ-მინისტრი კრისიანის კარინსი გერმანულ DW News-თან ინტერვიუში.
კარინსის განცხადებით, უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ესკალაცია მთელს რეგიონს დესტაბილიზაციით ემუქრება.
11 თებერვალს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრისას ბალტიის სამი ქვეყნის ლიდერმა ერთობლივი პოზიცია გააჟღერა და ბერლინს აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებაში მეტი წვლილის შეტანისკენ მოუწოდა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გერმანია ლიეტუვაში დამატებით 350 ჯარისკაცის განთავსებას აპირებს.
ბალტიელ კოლეგებთან შეხვედრის დროს შოლცმა ხაზი გაუსვა შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკების მნიშვნელობას.
„ჩვენი პრიორიტეტი უკრაინის მხარდაჭერა უნდა იყოს. დეესკალაცია უკრაინის ინტერესების დათმობის ხარჯზე ვერ მოხერხდება“, - განაცხადა ესტონეთის პრემიერმა კაია კალასმა.
უკრაინა-რუსეთს შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე ბალტიის ქვეყნები კიევს თავდაცვითი სამხედრო შეიარაღებით, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო სისტემებით აიარაღებენ.
ბერლინი კიევს დიპლომატიურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას აღუთქვამს, თუმცა ლეტალური შეიარაღების მიწოდებაზე უარს აცხადებს.