ლავროვი დასავლეთთან მოლაპარაკებებზე: შანსი ყოველთვის არსებობს

 

ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთსა და დასავლეთს შორის მოლაპარაკებების პროცესზე პუტინის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა. 

ლავროვის თქმით, რუსეთმა ყურადღებით შეისწავლა აშშ-ის და ნატოს წერილობითი პასუხები რუსეთის მოთხოვნებზე. მისი განმარტებით, დასავლეთის პასუხი შეუძლებელია დამაკმაყოფილებელი იყოს რუსეთისთვის, თუმცა ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკების შანსი ყოველთვის არსებობს. 

მინისტრის თქმით, დასავლეთის წერილობითი პასუხის ნაწილი რუსეთისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის, ხოლო მეორე ნაწილი შედარებით უფრო კონსტრუქციულია: 

"ჩვენ უკვე არაერთხელ ვთქვით, მათ შორის თქვენც აღნიშნეთ, რომ დაუშვებელია იმ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების უსასრულოდ გაწელვა, რომელიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, უნდა ვთქვა, რომ შანსი ყოველთვის არსებობს". 

ამავდროულად, ლავროვმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესი დასავლეთთან მომავალშიც გაგრძელდება.

"ჩვენ უკვე დღეს ვაწარმოებთ დიალოგს საკითხებზე, რომლებსაც აქვთ არსებითი მნიშვნელობა. ამ დიალოგს ვაწარმოებთ ჩვენ დასავლელ, პირველ რიგში ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან და ამის პარალელურად ჩვენ გავაგრძელებთ მცდელობას მივიღოთ მათგან პასუხები, რუსეთის მიერ წაყენებულ კანონიერ მოთხოვნებზე." - თქვა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

__________________________

დაძაბულობა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე რუსეთსა და დასავლეთს შორის მოლაპარაკებების ფონზე მიმდინარეობს. გასული წლის დეკემბერში ვლადიმირ პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა ნატოსგან და აშშ-სგან მიეღო წერილობითი გარანტიები იმის შესახებ, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდებოდა და მოახდენდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის რეზოლუციის დეზავუირებას. 

თავის მხრივ, ბუქარესტის სამიტის რეზოლუცია ამბობს, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები.

ჟენევასა და ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, დასავლეთმა რუსეთს წერილობითი პასუხებიც გადასცა.

ამ დოკუმენტებში ნატომ და აშშ-მა უარი თქვეს დაეკმაყოფილებინათ რუსეთის მოთხოვნა ნატოს არგაფართოების გარანტიებთან დაკავშირებით. ამავდროულად, დასავლეთმა გამოთქვა მზაობა გააგრძელონ დიალოგი სხვა საკითხებთან მიმართებით, მათ შორის ევროპაში შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებითაც. 

 

მსგავსი სიახლეები