ლე პენი მელონის: გავერთიანდეთ და ევროპარლამენტის მე-2 ყველაზე დიდი ჯგუფი შევქმნათ
ულტრამემარჯვენე ლიდერი მარინ ლე პენი იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის სთავაზობს, რომ გაერთიანდნენ და მემარჯვენე სუპერჯგუფი შექმნან, რომელიც მეორე უმსხვილესი პარტიული ბლოკი იქნება ევროპარლამენტში.
ამის შესახებ Politico წერს.
ვარაუდობენ, რომ ულტრამემარჯვენეებს კარგი შედეგი ექნებათ ევროპარლამენტის არჩევნებზე, მაგრამ სათუოა რამდენად შეძლებენ თანამშრომლობას ეს პარტიები, რადგან ზოგიერთი მათგანი პრო-რუსული განწყობებით გამოირჩევა, ზოგიერთი მათგანი კი - უკრაინას უჭერს მხარს.
კვირას იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-სთან საუბრისას ლე პენმა თქვა: "ეს არის გაერთიანების მომენტი, ეს ნამდვილად სასარგებლო იქნება. თუ მოვახერხეთ, ევროპარლამენტის მეორე ყველაზე დიდი ჯგუფი გავხდებით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა გავუშვათ ასეთი შანსი ხელიდან."
მელონიმ, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც სთავაზობს თანამშრომლობას, უპასუხა, რომ იგი ღიაა მემარჯვენე პარტიებთან პარტნიორობისთვის.
ლე პენის პარტია ამჟამად ულტრამემარჯვენე "იდენტობისა და დემოკრატიის" (ID) ჯგუფის წევრია, ხოლო მელონის "იტალიის ძმები" - "ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების" (ECR).
ცოტა ხნის წინ "იდენტობისა და დემოკრატიის" ჯგუფიდან გერმანული ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) გააძევეს, რადგან არჩევნებზე პარტიის პირველმა ნომერმა მაქსიმილიან კრაჰმა იტალიურ გაზეთს განუცხადა, რომ ნაცისტების SS-ის დანაყოფის ყველა წევრი ომის დამნაშავე არ იყო.
უკანასკნელი საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ულტრამემაჯრვენე "იდენტობა და დემოკრატია" 68 მანდატს მოიპოვებს, "ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები" კი - 71-ს.
Politico-ს კვლევის თანახმად, პირველ ადგილზე მემარჯვენე-ცენტრისტული "ევროპის სახალხო პარტია" (EPP) გავა 174 მანდატით, მეორე ადგილზე კი სოციალისტები და დემოკრატები - 144 დეპუტატით.