ლიეტუვის პარლამენტმა არალეგალური მიგრანტების გაძევება დააკანონა
ლიეტუვის პარლამენტმა მიიღო საკამათო კანონი, რომელიც აკანონებს იმ მიგრანტების გაძევებას, რომლებიც საზღვარს არალეგალურად კვეთენ. 25 აპრილს, სეიმში 86-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა "სახელმწიფო საზღვრისა და მისი დაცვის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს, წინააღმდეგი 8 დეპუტატი იყო, ხოლო 20-მა - თავი შეიკავა.
კანონი 3 მაისს უნდა ამოქმედდეს. მას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.
სააგენტო dpa-ს ცნობით, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, საზღვრის უკანონო დამრღვევები შეიძლება დააკავონ და უკან დააბრუნონ. ეს წესი მოქმედებს სასაზღვრო რაიონებში და 5 კილომეტრამდე მანძილზე შიდა მხარეს.
უფლებადამცველები კანონს აკრიტიკებენ
უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მკვეთრად გააკრიტიკეს დოკუმენტი, რომელიც, მათი აზრით, ამართლებს საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა ლიეტუვას მოუწოდა, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ. მან მკაცრად დაგმო კანონპროექტის მიღება.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მიგრანტებს უფლება აქვთ მოითხოვონ თავშესაფარი, ხოლო პოტენციური თავშესაფრის მაძიებლების ისეთ ადგილებში გაგზავნა იკრძალება, სადაც მათ სიცოცხლეს ან კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება. ლიეტუვის ადამიანის უფლებათა ცენტრმა ნაუსედას მოუწოდა, ვეტო დაადოს კანონპროექტს.
თავის მხრივ, ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააპროტესტა, რომ კანონპროექტი მკაფიოდ განასხვავებს ბუნებრივ მიგრაციასა და ინსტრუმენტად გამოყენებულ მიგრაციას. მიღებული ზომები აუცილებელია ლიეტუვის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად.
ლიეტუვის თითქმის 680 კმ სიგრძის საზღვარი აქვს ბელორუსთან, რომელიც ასევე არის ევროკავშირის საგარეო საზღვრის ნაწილი. 2021 წლის ზაფხულისა და შემოდგომის ბოლოს ათასობით ადამიანმა სცადა ევროკავშირში არალეგალურად შესვლა ლიეტუვისა და პოლონეთის საზღვრებით.
ბრიუსელში ბელორუსის მმართველ ალექსანდრ ლუკაშენკოს მიგრაციული კრიზისის პროვოცირებაში ადანაშაულებდნენ.