ლუკაშენკო: მუდამ პრეზიდენტი ვიქნები
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ ის ქვეყანას "მუდამ" უხელმძღვანელებს, თუ ქვეყნის შიგნით და გარეთ "მძიმე ვითარება იქნება". ამის შესახებ მან 5 თებერვალს, რუს პროპაგანდისტ ჟურნალისტთან, ვლადიმირ სალავიოვთან ინტერვიუში განაცხადა.
სალავიოვმა იკითხა: "რამდენი წელი იქნება ლუკაშენკო ბელორუსის ლიდერი?"
"თუ ბელორუსის ირგვლივ რთული ვითარება იქნება, ომის მსგავსი და რაც მთავარია, თუ ჩვენს შიგნით 2020 წლის მსგავსი, [ლუკაშენკო] მუდამ იქნება", - უპასუხა მან.
მისი თქმით, "თუ ყველაფერი მშვიდად იქნება" და პრეზიდენტობის კანდიდატი გამოჩნდება, "ჩვენ გადავწყვეტთ."
"დამიჯერე, პრეზიდენტი იმიტომ არ ვარ, რომ ძალიან მინდა პრეზიდენტობა. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამ სიტუაციაში აღმოჩნდე, როცა ბევრ გარემოებაზე ხარ დამოკიდებული, უბრალოდ - შებოჭილი!" - უთხრა ლუკაშენკომ სალავიოვს.