ლუკაშენკომ მხარი დაუჭირა ჩინურ "სამშვიდობო გეგმას" უკრაინაში
ბელორუსის მმართველმა ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინაში ომის შესახებ ჩინეთის "სამშვიდობო" დოკუმენტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ბელორუსი "სრულიად უჭერს მხარს უსაფრთხოების საერთაშორისო ინიციატივას, რომელიც თქვენ წამოაყენეთ", - თქვა მან 1 მარტს, პეკინში ჩინეთის ლიდერ სი ძინფინგთან შეხვედრისას.
ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ლუკაშენკოს თქმით, სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტი ჩინეთში "რთულ დროს მიმდინარეობს, რომელიც მოითხოვს ახალ, არაჩვეულებრივ მიდგომებს და გონივრულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს."
"ის, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ თავიდან ავიცილოთ გლობალური დაპირისპირება, რომელშიც გამარჯვებულები არ იქნებიან", - აღნიშნა ბელორუსის პრეზიდენტმა.
სამხედრო თანამშრომლობის გაფართოება
მანამდე ლუკაშენკო პეკინში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ ლი კეციანს შეხვდა. მოსალოდნელია, რომ 2 მარტს, ვიზიტის ფარგლებში, განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომისა და მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს.
გარდა ამისა, ლუკაშენკა იმედოვნებს, რომ ვიზიტს ბელორუსის ეკონომიკაში ჩინური ინვესტიციები მოჰყვება.
"ჩვენ ჩინეთში ახალ ტექნოლოგიებს ვეცნობით, რომლებიც გვაინტერესებს. ეს ეხება ყველა ინდუსტრიას - ბიოტექნოლოგიიდან თავდაცვამდე", - განუცხადა მან სააგენტო Xinhua-ს ვიზიტის წინ.
ჩინეთის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა გასულ წელს 33%-ით გაიზარდა და 5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
ჩინეთის "სამშვიდობო გეგმა"
24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის წლისთავზე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა დოკუმენტი სათაურით "ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ დარეგულირებასთან დაკავშირებით."
გეგმა იმედგაცრუებით მიიღო საერთაშორისო საზოგადოებამ, რადგან არ შეიცავს ახალ ინიციატივებს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.