ლულა 48%, ბოლსონარუ 43% - ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩაინიშნა
ბრაზილიის ახალი პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურში გამოვლინდება - ხმათა 99%-ის დათვლის შედეგად პირველ ტურში ყოფილმა პრეზიდენტი ლუიზ ინასიო ლულა და სილვა ლიდერობს.
ლულამ ვერ მოახერხა ხმათა 50%-ს დაგროვება და პირველივე ტურში გამარჯვება, როგორც ამას წინასაარჩევნო კვლევების უმეტესობა პროგნოზირებდა.
მოულოდნელად მაღალი შედეგი დააფიქსირა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ, რომელმაც ხმათა 43.2% მიიღო.
არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.
ბოლსონარუს პოზიციებს აძლიერებს ისიც, რომ მისმა პოლიტიკურმა მოკავშირეებმა სენატის 27 თავისუფალი მანდატიდან 19 ადგილი მოიპოვეს.
არჩევნების შედეგებზე საუბრისას ლულამ ოპტიმისტური განწყობა გამოავლინა და განაცხადა, რომ მომდევნო 1-თვიანი კამპანიის დროს შეეცდება ბოლსონარუ პირისპირ დებატებში გამოიწვიოს.
მიუხედავად ამისა, ლულას საარჩევნო შტაბში არჩევნების შედეგებით იმედგაცრუება შესამჩნევი იყო. მათ შორის ლულას გუნდის ფრუსტრაცია ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში მიღებულმა მოსალოდნოლზე დაბალმა შედეგბმა გამოიწვია.
ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატები ტრადიციულად მემარცხენე ელექტორატის დომინაციით გამოირჩევა, სადაც ლულას მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი მხარდაჭერის მაჩვენებლები ჰქონდა.
მოსალოდნელზე დაბალი მხარდაჭერა მიიღეს სხვა კანდიდატებმაც, ექსპერტების თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად სხვა კანდიდატების ამომრჩევლები ბოსლონარუსკენ გადაიხარნენ.
სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებს ჯერ არ გაუვრცელებიათ განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ ვის დაუჭერენ მხარს არჩევნების მეორე ტურში.