მაკრონმა ლიბიის შესახებ სამიტს უმასპინძლა
პარასკევს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ლიბიის შესახებ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც ლიბიაში სამოქალაქო ხელისუფლების ფორმირების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
24 დეკემბერს ლიბიაში, გაეროს ეგიდით, საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომლის მიზანი დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებაა.
სამიტს დაესწრნენ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ეგვიპტის პრეზიდენტი აბდალ ფათაჰ ას-სისი.
შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ რუსეთისა და თურქეთის პირველი პირები, რომლებიც ლიბიაში მნიშვნელოვან გავლენას ფლობენ.
საფრანგეთის წარმომადგენლის განცხადებით, ზოგიერთი ადგილობრივი აქტორი არჩევნების წინ ლიბიაში არეულობის ორგანიზებას და კენჭისყრის ჩაშლას ცდილობს.
კონფერენციის საბოლოო კომუნიკეში აღნიშნულია, რომ არჩევნების ჩაშლაში ბრალდებულ პირებს შესაძლოა საერთაშორისო სანქციები დაუწესდეთ.
2011 წელს საერთაშორისო სამხედრო ინტერვენციის და ადგილობრივი სახალხო პროტესტის შედეგად ლიბიის დიქტატორი მუამარ კადაფი დაამხეს.
მას შემდეგ ნავთობითა და გაზით მდიდარ ჩრდილოაფრიკულ ქვეყანაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.
დღეს ლიბიაში ძალაუფლება ორ დაპირისპირებულ მხარეს აქვს - დედაქალაქ ტრიპოლში გამაგრებულ „ეროვნული თანხმობის მთავრობას“, რომელსაც გაერო აღიარებს და გენერალ ხალიფა ჰაფთარის ძალებს, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთს აკონტროლებენ.