მაკრონმა რუანდის გენოციდში საფრანგეთის პასუხისმგებლობა აღიარა
რუანდაში ვიზიტად მყოფმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი აღიარებს თავის წილ პასუხისმგებლობას რუანდის 1994 წლის გენოციდზე და ამისთვის ბოდიში მოიხადა, თუმცა პატიების თხოვნა ოფიციალურად არ შეუთავაზებია.
ეს განცხადება მან ხუთშაბათს გააკეთა, კიგალის გენოციდის მემორიალთან სიტყვით გამოსვლის დროს, სადაც მასიური მკვლელობების მსხვერპლი 250,000 ადამიანია დასაფლავებული.
1994 წლის გაზაფხულზე, 800,000 ეთნიკური ტუტსისა და ზომიერი ჰუტუს ხალხი ემსხვერპლა ჰუტუს გასამხედროებული ძალების 100 დღიან სისხლისღვრას. გენოციდი 1994 წლის ივნისში დასრულდა, მას შემდეგ რაც რუანდის პატრიოტული ფრონტი (RPF) - რომელსაც ამჟამინდელი პრეზიდენტი კაგამე ხელმძღვანელობდა - უგანდიდან დაბრუნდა და ძალაუფლება აიღო.
მაკრონის განცხადებით, საფრანგეთმა არ მოუსმინა მათ, ვინც რუანდაში მოსალოდნელი ხოცვა-ჟლეტის შესახებ აფრთხილებდა და "გენოციდის რეჟიმს" დე ფაქტო მხარდაჭერა გამოუცხადა.
"პატივისცემითა და თავმდაბლობით განმსჭვალული, დღეს თქვენ გვერდით ვდგავარ და უნდა ვაღიარო ჩვენი პასუხისმგებლობა", - განაცხადა მან და იქვე დაამატა, რომ საფრანგეთი გენოციდის თანამონაწილე არ ყოფილა.
მაკრონის თქმით, საფრანგეთს ევალება იმის აღიარება, რომ "სიმართლის გამორკვევის მიზნით აღებულმა ხანგრძლივმა დუმილმა რუანდელ ხალხს ტკივილი მიაყენა."
მან ასევე დაამატა, რომ "ვინც ამ საშინელებებს გადაურჩა მხოლოდ იმათ შეიძლება აპატიონ" და "შენდობა" ითხოვა.
თავის მხრივ, კაგამე მიესალმა მაკრონის გამოსვლას.
"მისი სიტყვები იყო უფრო ღირებული, ვიდრე ბოდიშის მოხდაა. ეს [სიტყვები] იყო სიმართლე", - განაცხადა მან საერთო პრესკონფერენციაზე, რომელიც კიგალთან ორი ლიდერის შეხვედრის შემდეგ გაიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ წინამორბედებთან შედარებით, მაკრონის განცხადება უფრო პირდაპირი და ღრმა შინაარსის იყო, ბევრი რუანდელი სრულფასოვანი ბოდიშის მოხდას მოელოდა.
გენოციდს გადარჩენილი მთავარი ჯგუფის, იბუკას განცხადებით, იმედგაცრუებულები იყვნენ "აშკარა ბოდიშის" მოხდისგან თავის შეკავების გამო. ასოციაციის პრეზიდენტმა, ეგიდე ნკურანგამ განაცხადა, რომ მაკრონი პატიების ნაცვლად ცდილობდა, რომ "აეხსნა, თუ როგორ მოხდა გენოციდი, რა არ გააკეთეს მათ, რა იყო მათი პასუხისმგებლობები... ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და დაგვანახებდა, რომ მას ჩვენი ესმის".
მაკრონის ვიზიტს წინ უძღოდა მარტში, საფრანგეთის საგამოძიებო კოლეგიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა, რომლის თანახმადაც, კოლონიურმა დამოკიდებულებამ საფრანგეთის მთავრობა და ოფიციალური პირები "დააბრამვა", რომ დაენახათ ის სერიოზული პასუხისმგებლობა, რაც მასობრივი მკვლელობების განუჭვრეტელობით იყო გამოწვეული. ამასთან, დასკვნის მიხედვით, საფრანგეთის პირდაპირი მონაწილეობა მკვლელობებში არ ფიქსირდება.
კაგამემ, რომელიც წარსულში საფრანგეთის გენოციდში მონაწილეობაზე საუბრობდა, გასულ კვირას განაცხადა, რომ ეს დასკვნა მისი ხალხისთვის ბევრს ნიშნავდა.
"რუანდელებს შეიძლება არ დავიწყებიათ, მაგრამ აპატიეს ფრანგებს თავიანთი საქციელი", - განაცხადა კაგამემ.
იგი ეთნიკურად ტუტსია და მთავარ პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენს ქვეყანაში მას შემდეგ, რაც მისმა ამბოხებულმა სამხედროებმა ჰუტუს მთავრობის სიკვდილის ბრიგადები დაამარცხეს.
აპრილში მაკრონი დათანხმდა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის რუანდის არქივები ღია გამხდარიყო. იგი მაშინ ედგა საფრანგეთს სათავეში, როდესაც გენოციდი მიმდინარეობდა. ამის შემდეგ სულ მოკლე ხანში, რუანდამ საპასუხო ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საფრანგეთს გათვითცნობიერებული ჰქონდა გენოციდის სამზადისი, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, ვინაიდან აგრძელებდა რუანდის იმდროინდელი პრეზიდენტის, ჟიუვენალ ჰაბიარიმანას მხარდაჭერას.
სწორედ ჰაბიარიმანას თვითმფრინავის ჩამოგდებამ და პრეზიდენტის მკვლელობამ შეაჩერა რუანდაში მასობრივი მკვლელობები.
"ფრანგი ჩინოსნები აძლევდნენ იარაღს, რჩევებს აძლევდნენ, ასწავლიდნენ, აღჭურვეს და იცავდნენ რუანდის ხელისუფლებას - ნათქვამია ანგარიშში - ხოლო შემდგომი წლების განმავლობაში, საფრანგეთი საკუთარი კვალის დამალვას ცდილობდა."
ალ ჯაზირას ჟურნალისტის, მალკოლმ ვების განცხადებით, რომელიც კიგალში იმყოფებოდა, მარკონი "გარკვეული წლიდან კლდესა და რთულ ადგილს შორის იმყოფებოდა."
"მან უნდა იფიქროს საფრანგეთის ინტერესებზე ზოგადად აფრიკაში და აქ, რუანდაში. არსებობს აუცილებლობა, რომ პოლ კაგამეს და მისი მთავრობის ერთგულება მოიპოვოს, ამასთანავე ფრანგული ნარატივი თანხვედრაში იყოს რუანდის პატრიოტული ფრონტის მონათხრობთან",- დაამატა ვებმა და აღნიშნა, რომ გენოციდის ირგვლივ არსებული ნარატივები ჯერ კიდევ საკამათო და სადავოა.
"მეორე მხრივ, მაკრონს საფრანგეთში არჩევნები ელოდება და მან თავიდან უნდა აიცილოს მემარჯვენეების კრიტიკა. მას რომ აქ ბოდიში მოეხადა, დიდი ალბათობით მარჯვენა ფლანგის კრიტიკას დაიმსახურებდა, რასაც მაღალი რანგის სამხედრო პერსონალის უარყოფითი რეაქცია დაემატებოდა."
რუანდის შემდეგ, მაკრონი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ კირილ რამაფოსასთან კორონავირუსსა და რეგიონულ კრიზისზე დისკუსიას გამართავს.
წყარო: ალ-ჯაზირა