მარკ რუტემ ბოსნიაში ვიზიტი სრებრენიცას მსხვერპლთათვის პატივის მიგებით დაიწყო
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ბოსნიაში ორდღიან ვიზიტს მართავს, რომლის ფარგლებშიც სრებრენიცას ეწვია და 1995 წლის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო.
სრებრენიცას გენოციდს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპის კონტინენტზე ყველაზე მასშტაბურ მასობრივ მკვლელობადაა მიჩნეული, 8000-ზე მეტი ბონსიელი მუსლიმის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აღსანიშნავია, რომ ბოსნიის ომის მიმდინარეობისას, ჰოლანდიელი სამხედროები გაეროს სამშვიდობო მისიაში მსახურობდნენ.
23 იანვარს ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში მარკ რუტეს, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი პლენკოვიჩის შეხვედრა შედგება, სადაც ბოსნია და ჰერცეგოვინს ევროპის კავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინამ წევრობაზე განაცხადი 2016 წელს გააკეთა, კანდიდატის სტატუსი კი 2022 წელს მიიღო.
კონტექსტი
1992 წლის 9 იანვარს ბოსნია და ჰერცეგოვინაში მცხოვრებმა სერბებმა საკუთარი რესპუბლიკა შექმნეს, რამაც ქვეყანა ოთხწლიან სისხლისმღვრელ ომამდე მიიყვანა. კონფლიქტის მიმდინარეობისას ეთნიკურმა სერბებმა მუსლიმი ბოსნიელებისა და კათოლიკე ხორვატების დევნა დაიწყეს, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სრებრენიცას გენოციდი, რომელიც ჰოლოკოსტის შემდეგ, ევროპაში ერთადერთი აღიარებული მასობრივი ხოცვა-ჟლეტაა, ბოსნიის ომის სისხლიან კულმინაციად მიიჩნევა.
1992-1995 წლების ომი დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ტერიტორიაზე ორი ერთეული სერბული რესპუბლიკა - სრსპკა და ბოსნიურ-ხორვატული ფედერაცია შეიქმნა. თითოეულ სუბიექტს საკუთარი ასამბლეა და მთავრობა ჰყავს, რომლებსაც სახელმწიფო დონის საკანონმდებლო ორგანო და მინისტრთა საბჭო ზედამხედველობს. ბოსნია და ჰერცეგოვინის პარლამენტი ორპალატიანია - წარმომადგენელთა პალატა 42, ხოლო სახალხო პალატა 15 წევრისგან (ხუთი ბოსნიელი, ხუთი ხორვატი და ხუთი სერბი) შედგება. აღმასრულებელ ხელისუფლებას სამი წევრისგან (ბოსნიელი, სერბი და ხორვატი) შემდგარი პრეზიდიუმი წარმოადგენს, რომლებიც ერთმანეთს 8 თვეში ერთხელ, როტაციის პრინციპით, ენაცვლებიან.