მაროკოში მიწისძვრის შედეგად 3000-მდე ადამიანი დაიღუპა

მაროკოში ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 2901 ადამიანი ემსხვერპლა.

ამ ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზია მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით 12 სექტემბერს ავრცელებს.

დაშავდა 5530 ადამიანი და მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. ტრაგედიასთან დაკავშირებით მაროკოს სამეფო კარმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ძლიერი მიწისძვრის შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში მაროკოს დახმარება ევროკავშირმა შესთავაზა.

"ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს მაროკოს ამ რთულ მომენტში," - დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

მაროკოში 9 სექტემბერს ღამით 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მაროკოს ეროვნული გეოფიზიკური ინსტიტუტის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მარაკეშ-საფის მთიან რეგიონში, მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით 70 კილომეტრში იყო.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ეს მაროკოში ბოლო 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.

მსგავსი სიახლეები