ტოკაევმა ბირთვული იარაღის განთავსებაზე ლუკაშენკას უპასუხა: ვაფასებ მის ხუმრობას
ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა "ხუმრობა" უწოდა ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკას სიტყვებს, რომ ყაზახეთს შეუძლია შეუერთდეს რუსეთისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს და მის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსოს. ამ ინფორმაციას Радио Азаттык ავრცელებს.
"მე ვაფასებ მის ხუმრობას. ვფიქრობ, ამის საჭიროება არ არის, რადგან არსებობს ინტეგრაციის სხვა გზები, პირველ რიგში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი. რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, ჩვენ ის არ გვჭირდება", - განაცხადა ტოკაევმა.
ლუკაშენკას ინტერვიუ გადაცემა Москва. Кремль. Путин.-თან გუშინ გავრცელდა. ბელორუსის ლიდერმა კომენტარი გააკეთა მოსკოვში, ევრაზიის ეკონომიკურ ფორუმზე ტოკაევის გამოსვლაზე.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის, ბელორუსისა და ევრაზიის კავშირის სხვა წევრებს შორის ინტეგრაციის მიდგომების განსხვავებულობაზე. ტოკაევმა თქვა, რომ ბელორუსისა და რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფო უზრუნველყოფს ინტეგრაციას შემდეგი ფორმულით: "ორი ქვეყანა - ერთი სახელმწიფო."
პრეზიდენტის პრესმდივანმა რუსლან ჟელდიბაიმ ტოკაევის სიტყვების კომენტირებისას განაცხადა, რომ "ყაზახეთი არ აპირებს გაერთიანებული სახელმწიფოების შექმნას ან გაწევრიანებას."
ლუკაშენკამ რუსულ ტელევიზიას განუცხადა, რომ თუ ყაზახეთს ან სხვა ქვეყანას ბირთვულ იარაღზე წვდომის მოპოვება სურს, ის უნდა შეუერთდეს სამოკავშირეო სახელმწიფოს.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ბელორუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება დაიწყო.