მელონი: პუტინი საბჭოთა სტილის ნეოიმპერიალისტურ ხედვას ავლენს

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მცდელობას არ აქვს არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური მნიშვნელობა. ამის შესახებ, 30 სექტემბერს იტალიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია "იტალიის ძმების" ლიდერმა და იტალიის მომავალმა პრემიერმა ჯორჯა მელონიმ განაცხადა, იუწყება ANSA.

მელონის თქმით, "უკრაინის ოთხი რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების შესახებ განცხადებას იძულებითი სამხედრო ოკუპაციის პირობებში ჩატარებული ფსევდორეფერენდუმის შემდეგ არ აქვს არც იურიდიული და არც პოლიტიკური მნიშვნელობა".

"რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კიდევ ერთხელ ავლენს თავის საბჭოთა სტილის ნეოიმპერიალისტურ ხედვას, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელი ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებას," - თქვა იტალიელმა პოლიტიკოსმა.

მელონის თქმით, "რუსეთის მიერ ერებს შორის თანაარსებობის წესების უახლესი დარღვევა ადასტურებს დასავლური დემოკრატიების კომპაქტურობისა და ერთიანობის აუცილებლობას".

"მადლობა ჯორჯა მელონის მკაფიო პოზიციისთვის და რუსეთის ნეოიმპერიალისტური პოლიტიკის მკაცრად დაგმობისთვის. თავისუფალი ერების დახმარებით უკრაინის მიწა რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლდება", - დაწერა Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა. 

მსგავსი სიახლეები