მელონიმ მაკრონის მიერ ზელენსკის პარიზში მიწვევას "უადგილო" უწოდა
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარიზში მიწვევის გამო ეკამათა.
8 თებერვალს ზელენსკი პარიზს ეწვია, სადაც მაკრონს და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა. მელონი შეხვედრაზე არ მიუწვევიათ.
LaC News24 აღნიშნავს, რომ მაკრონს, 6 თებერვალს, ბოლო საუბრის დროს, მისთვის არაფერი უთქვამს დაგეგმილი შეხვედრის შესახებ.
მეორე დღეს, 9 თებერვალს, მან ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მაკრონის მიერ ზელენსკის პარიზში ევროპული სამიტის წინ მიწვევა "უადგილო" იყო.
"მე მჯერა, რომ ჩვენი ძალა არის ერთიანობაში... მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც შიდა საზოგადოებრივი აზრისთვის უპირატესობის მინიჭება შეიძლება საზიანო იყოს საქმისთვის და მეჩვენება, რომ ეს ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა", - ციტირებს მას The Telegraph.
მელონიმ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა მხოლოდ 9 თებერვალს, ევროპული საბჭოს სხდომაზე შეძლო.
Ansa წერს, რომ მელონისა და ზელენსკის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა უნდა ჰქონოდათ, მაგრამ დროის დეფიციტის გამო ის გაუქმდა.
მაკრონი მელონის შენიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზელენსკი თავად ირჩევს კომუნიკაციის ფორმატს.
"მინდოდა პრეზიდენტი ზელენსკი კანცლერ შოლცთან ერთად მიმეღო, ვფიქრობ, ჩვენ ვიყავით ჩვენს როლში. გერმანია და საფრანგეთი, მოგეხსენებათ, რვა წელია განსაკუთრებულ როლს ასრულებენ უკრაინის საკითხში, რადგან ჩვენც ერთად ვხელმძღვანელობდით ამ პროცესს. ვფიქრობ, რომ ზელენსკი წყვეტს, რა ფორმატი სურს დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის." - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.