მელონი: იტალიის მიგრაციული პოლიტიკა სამაგალითოა
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ თქვა, რომ იტალია გახდა "მოდელი," როდესაც საქმე არალეგალურ მიგრაციას ეხება.
სამშაბათს, იტალიის სენატში გამოსვლისას, მელონიმ თქვა, რომ დიდი კმაყოფილებით მიესალმება სხვადასხვა ევროპელი ლიდერების ინტერესს იტალიის მიგრაციული პოლიტიკის მიმართ, "როგორც პრაგმატიზმისა და ეფექტურობის დადასტურება, რომლითაც გამოირჩევა ჩვენი ბრძოლა არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ."
"მე ვამაყობ, რომ იტალია ამ თვალსაზრისით გახდა მოდელი, რომელსაც უნდა მივყვეთ," - თქვა მან.
იტალიამ ორშაბათს პირველად გაგზავნა 16 მიგრანტი ალბანეთში მიგრანტების მიმღებ ორი ახლად გახსნილ ცენტრში, რითაც ამოქმედდა ათასობით თავშესაფრის მაძიებლის ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში გაგზავნის გეგმა.
ცოტა ხნის წინ მელონი არალეგალური მიგრაციის შემცირებისთვის ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა შეაქო.
სამშაბათს ევროკავშირის ლიდერებისადმი მიწერილ წერილში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის ტერიტორიის გარეთ ე.წ. დაბრუნების ჰაბების შექმნის იდეას.
"იტალია-ალბანეთის პროტოკოლის მოქმედების დაწყებით, ჩვენ ასევე შევძლებთ ამ გამოცდილებიდან პრაქტიკაში დასკვნების გამოტანას," - წერს ის.
იმავდროულად, უფლებადამცველმა ჯგუფებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას "არაჰუმანური" და "არალეგალური" უწოდეს და მიგრანტების ექსტრატერიტორიულ ადგილას გადაყვანასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ისაუბრეს.
იტალიის ლიდერის თქმით, რომმა "კარგი მაგალითი შექმნა" იტალია-ალბანეთის პროტოკოლის ხელმოწერით.
"ეს არის ახალი, გაბედული, უპრეცედენტო გზა, რომელიც შესანიშნავად გამოხატავს ევროპულ სულს," - თქვა მან.
მიგრაცია იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ევროპელი ლიდერები ხუთშაბათს და პარასკევს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტზე განიხილავენ.
მელონიმ ასევე განაცხადა, რომ ამ კვირაში ჩატარდება იტალიის მიგრანტების ცენტრების ინიციატივით დაინტერესებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაფორმალური შეხვედრა.