მიანმარის ყოფილ ლიდერს ოთხი წელი მიუსაჯეს
მიანმარის ყოფილ ლიდერ აუნ სან სუ ჩის ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
აუნ სან სუ ჩი სასამართლომ დამნაშავედ ცნო პორტატული რაციების უკანონოდ იმპორტსა და კორონავირუსის შეზღუდვების დარღვევაში.
მიანმარის სამხედრო ხუნტამ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს სხვა მუხლით გასული წლის დეკემბერში ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა სასჯელი მოგვიანებით ორ წლამდე შეუმცირეს.
ჯამში მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სუ ჩი 2021 წლის თებერვლიდან შინაპატიმრობაში იმყოფება - მას ბრალი ათზე მეტი სხვადასხვა მუხლით აქვს წაყენებული.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა მიშელ ბაშელეტმა სუ ჩის პროცესს „მოჩვენებითი სასამართლო“ უწოდა.
გასულ წელს მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ 10 600-მდე პირი დააპატიმრეს.
სამხედრო ხუნტის ხელისუფლებაში მოსვლას მასობრივი დემონსტრაციები მოჰყვა, რომლებიც სასტიკად დაარბიეს. ხუნტამ 1300-მდე დემონსტრანტი მოკლა.
ფოკუსში: ვინ არის აუნ სან სუ ჩი?
მიანმარის დამხობილი ლიდერი აუნ სან სუ ჩი ბირმის დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი მეთაურის, გენერალ აუნ სანის შვილია.
აუნ სან სუ ჩიმ ახალგაზრდობა აშშ-სა და ინგლისში გაატარა. 1988 წელს სან სუ ჩი მიანმარში იმ დროს ბრუნდება, როცა ქვეყანაში გენერალ ნე ვინის 26 წლიანი სამხედრო მმართველობის წინააღმდეგ დემონსტრაციები მიმდინარეობს. სან სუ ჩი დემოკრატიულ პროტესტს შეუერთდა და ახალი პოლიტიკური მოძრაობა - დემოკრატიის ეროვნული ლიგა - დააფუძნა.
1989 წელს მიანმარის ოპოზიციის ლიდერი დააპატიმრეს. აუნ სან სუ ჩიმ შინაპატიმრობაში სულ 15 წელი დაჰყო.
1991 წელს მას „დემოკრატიისთვის არაძალადობრივი ფორმებით ბრძოლისთვის“ მშვიდობის ნობელის პრემია მიანიჭეს. სან სუ ჩი შინაპატიმრობიდან 2010 წელს გაათავისუფლეს.
ამის შემდეგ მალევე, მალე ქვეყანა ახალმა პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა.
2015 წლის არჩევნებში ყოფილმა დისიდენტმა გამარჯვება მოიპოვა, თუმცა სამხედროებთან მოლაპარაკება და მათთვის ძალაუფლების გადანაწილება მოუწია.
სან სუ ჩის მმართველობა წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა. 2017 წელს მიანმარის არმიამ მიანმარის მუსლიმი ეთნიკური უმცირესობის, როჰინგიების წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიები დაიწყო.
მრავალმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მიანმარის ლიდერი „ეთნიკური წმენდის და გენოციდის შესაძლო შემთხვევებზე“ თვალის დახუჭვაში დაადანაშაულა.
2021 წლის 1 თებერვალს მიანმარის შეიარაღებულმა ძალებმა სან სუ ჩის მთავრობა დაამხეს.