მიანმარის ყოფილი ლიდერი სამხედრო ხუნტის ბრძანებით სამარტოო საკანში გადაიყვანეს

მიანმარის ხუნტამ ქვეყნის ყოფილი ლიდერი აუნ სან სუ ჩი დედაქალაქიდან მოშორებით მდებარე ციხეში გადაიყვანა, რომლის მდებარეობა არ მჟღავნდება.

ნობელის პრემიის ლაურეატი სუ ჩი სამარტოო საკანში იმყოფება, აცხადებს ხუნტის პრეს-სპიკერი.

77 წლის სუ ჩის ბრალი 20-მდე სხვადასხვა საქმეში ედება, მათ შორის მასობრივი არეულობის წაქეზება და მიანმარში რაციების უკანონო ექსპორტია.

ყოფილ ლიდერს 190 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები სუ ჩის წინააღმდეგ საქმეს "ფარსს" უწოდებენ.

2021 წლის ნოემბერში ჩატარებულ არჩევნებში აუნ სან სუ ჩის პარტიამ დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ხუნტამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და სამოქალაქო ხელისუფლება დაამხო, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა ხმის მიცემის შედეგები სამართლიანად ცნეს.

ჯამში, თებერვლის გადატრიალების შემდეგ, სამხედროებმა პროტესტის ჩახშობის დროს 1300-მდე სამოქალაქო პირი იმსხვერპლეს.

გაეროს განცხადებით, მიანმარის ხუნტის ზოგიერთი ქმედება „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს“ უტოლდება.


ფოკუსში: ვინ არის აუნ სან სუ ჩი?

მიანმარის დამხობილი ლიდერი აუნ სან სუ ჩი ბირმის დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი მეთაურის, გენერალ აუნ სანის შვილია.

აუნ სან სუ ჩიმ ახალგაზრდობა აშშ-სა და ინგლისში გაატარა. 1988 წელს სან სუ ჩი მიანმარში იმ დროს ბრუნდება, როცა ქვეყანაში გენერალ ნე ვინის 26 წლიანი სამხედრო მმართველობის წინააღმდეგ დემონსტრაციები მიმდინარეობს. სან სუ ჩი დემოკრატიულ პროტესტს შეუერთდა და ახალი პოლიტიკური მოძრაობა - დემოკრატიის ეროვნული ლიგა - დააფუძნა.

1989 წელს მიანმარის ოპოზიციის ლიდერი დააპატიმრეს. აუნ სან სუ ჩიმ შინაპატიმრობაში სულ 15 წელი დაჰყო.

1991 წელს მას „დემოკრატიისთვის არაძალადობრივი ფორმებით ბრძოლისთვის“ მშვიდობის ნობელის პრემია მიანიჭეს. სან სუ ჩი შინაპატიმრობიდან 2010 წელს გაათავისუფლეს.

ამის შემდეგ მალევე, მალე ქვეყანა ახალმა პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა.

2015 წლის არჩევნებში ყოფილმა დისიდენტმა გამარჯვება მოიპოვა, თუმცა სამხედროებთან მოლაპარაკება და მათთვის ძალაუფლების გადანაწილება მოუწია.

სან სუ ჩის მმართველობა წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა. 2017 წელს მიანმარის არმიამ მიანმარის მუსლიმი ეთნიკური უმცირესობის, როჰინგიების წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიები დაიწყო.

მრავალმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მიანმარის ლიდერი „ეთნიკური წმენდის და გენოციდის შესაძლო შემთხვევებზე“ თვალის დახუჭვაში დაადანაშაულა.

2021 წლის 1 თებერვალს მიანმარის შეიარაღებულმა ძალებმა სან სუ ჩის მთავრობა დაამხეს.

მსგავსი სიახლეები