МИД-მა "ევროპული საქართველოს" აქციის გამო საპროტესტო ნოტა გამოაგზავნა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო [МИД] საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო ნოტას აგზავნის. ამის მიზეზი კი პარტია ევროპული საქართველოს მიერ, 26 იანვარს უკრაინის მხარდამჭერი აქცია გახდა.
აქცია საქართველოში რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან გაიმართა, სხვა აქტივობებთან ერთად აქციის ფარგლებში ნაჩვენები იქნა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ვიდეორგოლი, გაკეთდა შესაბამისი შინაარსის განცხადებები.
ამავდროულად, უკრაინის ეროვნული დროშის ფერებში განათდა უშუალოდ რუსეთის საელჩოს ყოფილი შენობაც. აქცია ფართოდ გაშუქდა უკრაინულ მედიაში, მის შესახებ დაწერეს ისეთმა გამოცემებმა, როგორიცაა Unian და უკრაინული პრავდა. აქციას გამოეხმაურა უკრაინის ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი.
"მომხდართან დაკავშირებით გაგზავნილია საპროტესტო ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მოვითხოვთ საქართველოს მთავრობამ პირნათლად შეასრულოს ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ",- წერია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია, უწყებაში ამ დრომდე საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.