მოლდოვაში პრორუსული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე დააკავეს
კიშინიოვის აეროპორტში პრორუსული პარტია "შორის" თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტატი მარინა ტაუბერი დააკავეს, რომელიც გასული თვეების საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
ტაუბერი ეჭვმიტანილია პარტიების დაფინანსების წესების და აღმკვეთი ღონისძიების პირობების დარღვევაში. ამის შესახებ 1 მაისს მოლდოვის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ განაცხადა.
ის მაშინ დააკავეს, როცა ქვეყნიდან გასვლას და სტამბოლის გავლით თელ-ავივში გაფრენას აპირებდა.
დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, ტაუბერმა ფეისბუქზე დაწერა, რომ სამედიცინო გამოკვლევისთვის საზღვარგარეთ გამგზავრებას აპირებდა.
"დღეს ვგეგმავდი საზღვარგარეთ გაფრენას, მოგზაურობა დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი. ექიმთან მისვლა მჭირდება და არ ვიცოდი, რომ ჩემს წინააღმდეგ სასამართლო სხდომა ტარდებოდა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. მინდა ყველას ვუთხრა, არ ინერვიულოთ, რამდენიმე დღით მივდივარ და ხუთშაბათს დილით დავბრუნდები, უკან დასაბრუნებელი ბილეთიც მაქვს. მე მჭირდება ეს გასვლა, რადგან აქამდე ამის შესაძლებლობა არ მქონდა და არ ვიცოდი პროკურატურის გეგმების შესახებ", - განაცხადა მან.
მარინა ტაუბერი - პრორუსული საპროტესტო აქციების ლიდერი
მარინა ტაუბერი მოლდოვაში მორიგი პრორუსული დემონსტრაციამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს, რომელიც 7 მაისს არის დაგეგმილი. ის გასული შემოდგომიდან მსგავს აქციებს ლიდერობს.
ტაუბერს საპარლამენტო იმუნიტეტი ჩამორთმეული აქვს. მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ პარტიის უკანონო დაფინანსებისა და 2022 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიშის გაყალბების საქმეზე მიმდინარეობს. ივლისის ბოლოდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე ის დააკავეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს.
პარტია "შორმა" შარშან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აქტიური ურთიერთობა დაიწყო რუსეთის ხელისუფლებასთან, დეპუტატები მოსკოვში ჩავიდნენ და ინტერპარტიული კონტაქტები დაამყარეს. ამის შემდეგ პარტიამ მოლდოვაში საპროტესტო აქციები არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ.
14 აპრილს კიშინოვის სასამართლომ გაქცეულ ბიზნესმენს და პრორუსული ოპოზიციური პარტია "შორის" ლიდერს, ილან შორს დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შორი მოლდოვის საბანკო სისტემიდან 1 მილიარდი დოლარის გატანის სკანდალში ერთ-ერთი ბრალდებულია, რომელსაც ქვეყანაში "საუკუნის ქურდობა" უწოდეს. სკანდალი 2015 წელს მოხდა და ამან მოლდოვაში ორი მთავრობის შეცვლა და პროევროპული პარტიების მმართველი კოალიციის დაშლა გამოიწვია.