მორავიეცკი: ჩეჩნეთი დამოუკიდებლობას იმსახურებს
იჩკერიის რესპუბლიკა იმსახურებს რუსეთის მმართველობიდან გამოსვლას. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ფრანგული ტელეარხ LCI-ისთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ზოგიერთი ხალხი "ციხეშია", საიდანაც შესაძლოა მალე გათავისუფლდნენ.
"არსებობს რუსეთის ნაწილები, რომლებიც ციხეებია სხვა ხალხებისთვის. მათი გათავისუფლება შეიძლება, მაგალითად, ჩეჩნეთი. მათ შეეძლოთ მიეღოთ დამოუკიდებლობა. ისინი თავიანთი თავისუფლებისთვის საუკუნეების და ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დიდი მოტივაციით იბრძოდნენ. მე ვფიქრობ, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს დამოუკიდებლობას", - განაცხადა მორავიეცკიმ.
მან აღნიშნა, რომ "ჩვენს რუს მეზობლებს" უსურვებს ყოველივე საუკეთესოს ნორმალური ქვეყნის მშენელბობის, ნორმალური განვითარებისა და ნორმალური ურთიერთობების კონტექსტში.
"ეს არის ის, რაც ყველა ქვეყანას სურს, რომ დაემართოს რუსეთს. სამწუხაროდ, მათგან ამას ელოდნენ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მთელი გასული საუკუნეების განმავლობაში", - თქვა პოლონეთის პრემიერმა.
იჩქერიას რუსეთთან ორი ომი ჰქონდა: 1994-1996 და 1999-2009 წლებში. ამჟამად ჩეჩნეთი რუსეთის ავტონომიური რესპუბლიკაა.