"მზადება გრძელი ომისთვის",- მოულოდნელი ცვლილებები პუტინის გარემოცვაში
12 მაისს, რუსეთის მთავრობაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა - 12-წლის შემდეგ თავდაცვის მინისტრის პოსტი დაატოვებინეს სერგეი შოიგუს, რომელიც ამიერიდან უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს.
შოიგუს ადგილს რუსეთის მთავრობის ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომისტი, ანდრეი ბელოუსოვი დაიკავებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სად გადავა უსაფთხოების საბჭოს ყოფილი მდივანი და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი ძალოვანი, ნიკოლაი პატრუშევი. კრემლის პრესსპიკერის თქმით, პატრუშევი ახალ თანამდებობაზე გადავა, რომლის შესახებაც მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი.
პოსტები შეინარჩუნეს რუსეთის სხვა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებმა, მათ შორის ФСБ-ს დირექტორმა, ალექსანდრ ბორტნიკოვმა, როსგვარდიის უფროსმა, ვიქტორ ზოლოტოვმა, საგარეო დაზვერვის უფროსმა, სერგეი ნარიშკინმა, საგანგებო სიტუაციების მინისტრმა, ალექსანდრ კურენკოვმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ კოლოკოლცევმა.
თანამდებობა შეინარჩუნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, 74 წლის სერგეი ლავროვმა, რომელიც პოსტს 2004 წლიდან იკავებს.
სამთავრობო ცვლილებები 7 მაისს ვლადიმირ პუტინის რიგით მეხუთე ინაუგურაციის შემდეგ დადგა. გასულ კვირას პარლამენტმა პრემიერისა და სამოქალაქო პროფიფილის მინისტრების კანდიდატურები შეათანხმა.
ძალოვანი უწყებებისგან განსხვავებით, სამოქალაქო სამინისტროებში მნიშვნელოვანი და მით უფრო მოულოდნელი საკადრო ცვლილებები არ განხორციელებულა. საკვანძო უწყებებისა მინისტრებმა და ვიცე-პრემიერებმა პოსტები შეინარჩუნეს, ერთადერთი გამონაკლისი, სწორედ ანდრეი ბელოუსოვი იყო.
ბელოუსოვი ამ დრომდე, პირველი ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა და მიხაილ მიშუსტინის კორონავირუსით ავადმყოფობის დროს, ცოტა ხნით პრემიერის მოვალეობებსაც ასრულებდა.
კიდევ ერთი საყურადღებო ცვლილება, ნიკოლაი პატრუშევის ვაჟს, დმიტრის ეხებოდა - მამისგან განსხვავებით უმცროსი პატრუშევი დაწინაურდა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტიდან ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე გადაინაცვლა.
დაწინაურდა პუტინის ძველი კიდევ ერთი ძველი მეგობრის, იური კოვალჩუკის ვაჟი. ბორის კოვალჩუკის შესაძლო დაწინაურებაზე გასულ თვეებში რუსულ მედიებში ბევრი იწერებოდა. სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტის Интер Рао-ს ხელმძღვანელობის შემდეგ, 15 მარტს კოვალჩუკი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკონტროლო განყოფილების უფროსის მოადგილედ დაინიშნა. რუსულ პრესა წერდა, რომ უმცროსი კოვალჩუკი შემდგომი წინსვლის ემზადებოდა, მას სხვა თანამდებობებთან ერთად სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორობას, ან გაზპრომის დირექტორობას უწინასწარმეტყველებდნენ. პროგნოზები არ გამართლდა, თუმცა უმცროსი კოვალჩუკი რუსეთის საკონტროლო პალატის უფროსად დაინიშნა.
დაწინაურდა პუტინის ახლო ნათესავის მეუღლე და კემეროვოს მხარის გუბერნატორი, სერგეი ცივილიოვი, რომელიც მოსკოვში ენერგეტიკის მინისტრის პოსტს დაიკავებს. მოსკოვში გადადის კალინინგრადის ოლქის გუბერნატორიც, ანტონ ალიხანოვი სამრეწველო ვაჭრობის მინისტრად ინიშნება. ტრანსპორტის მინისტრის პოსტს კურსკის ოლქის გუბერნატორი, რომან სტარავოიტი დაიკავებს.
ცვლილებები ძალოვან ბლოკში
უკრაინის წინააღმდეგ ჩაფიქრებული ბლიცკრიგის ჩავარდნის შემდეგ სერგეი შოიგუს შესუსტებული პოზიციების შესახებ გასული 2 წლის განმავლობაში ბევრს საუბრობდნენ. ეს საუბრობები კიდევ უფრო გააქტიურდა 2023 წელს, როდესაც შოიგუსა და ვაგნერის დამფუძნებელ, ევგენი პრიგოჟინს შორის დაპირისპირებამ საჯარო სივრცეში გადმოინაცვლა.
ევგენი პრიგოჟინის მიერ წამოწყებული ე.წ. სამართლიანობის მარშის ერთადერთი გაცხადებული მიზანი შოიგუსა და მისი გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის "განეიტრალება" იყო. თავდაპირველი ჩავარდნებისა და შეიარაღებულ ძალებში ხილული განხეთქილების მიუხედავად შოიგუმ პოსტი შეინარჩუნა.
რუსეთის პოლიტიკის კომენტატორები წერდნენ, რომ 2023 წლის ზაფხულიდან მოყოლებული შოიგუმ პუტინის თვალში რეაბილიტაციაც შეძლო - ამის მიზეზი კი გასული წლის ზაფხულში უკრაინის არმიის კონტრიერიშის წარმატებით შეჩერება იყო.
ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთისთვის ფრონტზე ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა - უკრაინისთვის განკუთვნილი დასავლური დახმარების გაჭიანურების, ცოცხალი ძალის, საარტილერიო ჭურვებისა და საზენიტო რაკეტების უკმარისობის ფონზე, საოკუპაციო არმია ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად უტევს, ხოლო ЗСУ ჯერჯერობით ვერ ახერხებს ფრონტის სტაბილიზებას.
ერთი შეხედვით, ხელსაყრელ ვითარებაში მყოფი შოიგუსთვის გაფრთხილების უსიამოვნო ზარად მისი პირველი მოადგილისა და ძველი თანამოაზრის, ტიმურ ივანოვის მოულოდნელი დაპატიმრება გახდა. არაერთი კორუფციული სკანდლის ფიგურანტი, ივანოვი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის 23 აპრილს დააპატიმრეს.
კომენტატორების უმეტესობამ მომხდარს შოიგუს კლანზე შეტევის ინტერპრეტაცია მისცა, რაც მნიშვნელოვნად დაასუსტებდა თავდაცვის მინისტრს პოსტს. ამ ფონზე, შოიგუს თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ზოგი კომენტატორი მის დაქვეითებად აღიქვამს, მიუხედავად იმისა, რომ ის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე გადაიყვანეს.
"შოიგუს გადაყენება თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ცხადია დარტყმაა, მით უფრო დაპატიმრებული მოადგილისა, ვაგნერთან ჯერ კიდევ არდავიწყებული კონფლიქტისა და РОСТЕХ-თან დაძაბულობის ფონზე. შოიგუსთან ბევრი პრეტენზია დაგროვდა. უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშვნა შესაძლოა დაწინაურებადაც მოსჩანდეს, თუმცა ამ თანამდებობაზე ყველაფერს პერსონალური თვისებები განსაზღვრავს",- წერს რუსეთის პოლიტიკის ექსპერტი, ტატიანა სტანოვაია.
ექსპერტის შეფასებით, ბოლო წლებში უსაფრთხოების საბჭო პუტინმა ყოფილი საკვანძო ფიგურების რეზერვუარად გადააქცია - "იმ კადრების, რომელთა გაშვებაც არ შეიძლება, მაგრამ ახალი თანამდებობიც რთულად მოსაძებნია."
უსაფრთხოების საბჭოში შოიგუს დანიშვნას მის შესუსტებად აფასებს Carnegie-ის ფონდის ექსპერტი რუსეთის არმიის საკითხებში დარა მასიკოც. ექსპერტის შეფასებით, უსაფრთხოების საბჭოში გადაყვანა შოიგუსთვის სახის შენარჩუნების მცდელობაა.
ამასთანავე ზოგი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ახალ თანამდებობაზე შოიგუ რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის კურატორი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შოიგუ კვლავ შეინარჩუნებს გავლენის ბერკეტებს. ჯერჯერობით პოსტს ინარჩუნებს გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი - დმიტრი პესკოვის თქმით, გერასიმოვის შეცვლა "ჯერ" არ იგეგმება.
არანაკლებ კითხვებს იწვევს შოიგუს შემცვლელის სამხედრო გამოცდილებისა და ამ სფეროსთვის უცხო ადამიანის, ანდრეი ბელოუსოვის ფიგურა.
უნდა ითქვას, რომ შოიგუს შესაძლო გადაყენაბაზე რუსულ წყაროებში გასული კვირის განმავლობაში ბევრს წერდნენ - ამ კონტექსტში ხშირად ახსენებდნენ სერგეი სუროვიკინსა და ალექსეი დიუმინს. სუროვიკინი უკრაინაში საოკუპაციო არმიის მეთაურის პოსტს იკავებდა და ამ პოსტზე გენშტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა ჩაანაცვლა. სუროვიკინი ევგენი პრიგოჟინთან დაახლოებულ გენერალად მიიჩნეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვაგნერის მსვლელობის ღამეს სუროვიკინი საგანგებო ვიდეო მიმართვით განუდგა პრიგოჟინს მის მიმართ კითხვები რჩებოდა. სხვადასხვა წყაროების ცნობით, სუროვიკინი რამდენიმე თვის განმავლობაში შიდა-პატიმრობაში იმყოფებოდა. მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ საუბრები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ჩვეულებრივ მედიისგან ჩაკეტილი გენერლის რამდენიმე ფოტო და ვიდეო გავრცელდა.
კიდევ ერთ კანდიდატურად, ვლადიმირ პუტინის ყოფილი პირადი მცველი და ტული ოლქის გუბერნატორი, ალექსეი დიუმინი განიხილებოდა. სხვადასხვა წყაროების ცნობით, სწორედ დიუმინი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ევგენი პრიგოჟინთან და მის მთავარსარდალ, დმიტრი უტკინთან. დიუმინი 2014 წელს ყირიმის ანექსიის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო.
შოიგუს ბელოუსოვით შეცვლაზე საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ უკრაინას მიმდინარე ომის ფონზე აუცილებელია თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად გახსნილი იყოს ინოვაციებისთვის - "როგორც ჩანს სწორედ აქედან გამომდინარე, ვლადიმირ პუტინი ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურაზე შეჩერდა",- განაცხადა პესკოვმა.
უნდა ითქვას, რომ რუსეთისთვის თავდაცვის მინისტრად სამოქალაქო პირის დანიშვნა უცხო არ არის - ბელოუსოვის მსგავსად სამხედრო სამსახურის გამოცდილება არ ჰქონია არც სერგეი შოიგუსა და არც მის წინამორბედს, ანატოლი სერდიუკოვს.
ბელოუსოვი წლების განმავლობაში რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ეკონომისტად და ფინანსისტად მიიჩნეოდა. ბელოუსოვი თითქმის მთელი თავისი კარიერის განმავლობაში სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა და მისი საქმიანობა ძირითადად სწორედ ეკონომიკას უკავშირდებოდა.
მთავრობის ეკონომიკურ ბლოკში მოკალათებული პირობითი "ლიბერალებისგან" განსხვავებით, ბელოუსოვი წლების განმავლობაში თანმიმდევრულად იცავდა ეკონომიკაში სახელმწიფოს მზარდი როლის იდეას.
რუსული დამოუკიდებელი გამოცემა The Bell-ის ცნობით, ბელოუსოვი ყოველთვის სახელმწიფოს ინტერესებით ხელმძღვანელობს და გულწრფელად იზიარებს "მტრების ალყაში აღმოჩენილი რუსეთის იდეას."
ვიცე-პრემიერის პოსტზე ბელოუსოვს რამდენიმე გახმაურებული სკანდალი უკავშირდება - მათ შორის 2018 წელს, როდესაც მან უმსხვილესი მეტალურგიული საწარმოები სახელმწიფოს კუთვნილი 100 მილიარდი რუბლის მითვისებაში ამხილა. ბელოუსოვის წერილს ბიზნესმენების უკმაყოფილება მოჰყვა - თითქმის 1-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ბიზნესი იძულებული გახდა ბელოუსოვის მოთხოვნები შეესრულებინა.
იმ პირობებში როდესაც უკრაინასთან ომის ფონზე სამხედრო ხარჯების წილი რუსეთის მთლიან შიდა პროდუქტში მკვეთრად იზრდება, ბელოუსოვის სახით კომპეტენტური ეკონომისტის დანიშვნის მიზანი სისტემის ოპტიმიზაციაა. მათ შორის საუბარია გაზრდილი ხარჯებისა და შესრულებული სამუშაოების აუდიტზე.
ბელოუსოვის კიდევ ერთ უპირატესობად მის მოკრძალებულ ხასიათს ასახელებენ - ბევრი კოლეგისგან განსხვავებით ბელოუსოვი სერიოზულ კორუფციულ სკანდალებში არასდროს ფიგურირებდა. მნიშვნელოვან ფაქტორია ბელოუსოვის პერსონალური სიახლოვე პუტინთან.
რუსეთის ეკონომიკის სამხედრო რელსებზე გადაყვანის პროცესში, როდესაც სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი ეკონომიკის ყველაზე მძლავრი სექტორის ფუნქციებს ითვისებს, ბელოუსოვის დანიშვნა ლოგიკურად მოსჩანს. ამავდროულად, ეს საკადრო ცვლილება მიგვანიშნებს, რომ კრემლი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება და არანაირ მშვიდობიან მომავალს ვლადიმირ პუტინი საკუთარი ქვეყნისთვის არ ესწრაფვის.