რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მოადგილე, ტიმურ ივანოვი, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.
ინფორმაციას, რუსული გამომცემლობა "РИА Новости" აქვეყნებს.
გამომცემლობის მიხედვით, ივანოვი, ჯერ კიდევ 23 აპრილის, თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის შეხვედრას ესწრებოდა.
ივანოვს, დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ედება ბრალი, რაც, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მინიმუმ 1 მლნ რუბლს მოიცავს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პრეზიდენტი პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოუგი, მოსალოდნელი დაკავების შესახებ წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები.
ტიმურ ივანოვი, თავდაცვის სამინისტროს ობიექტების მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და კაპიტალურ რემონტებს კურირებდა. ასევე, მინისტრის მოადგილეს, თავდაცვის სამინისტროს ქონების მართვისა და სამხედრო იპოთეკის მიმართულებაც ებარა.
მის პასუხისმგებლობას, რუსეთის შეიარაღებული ძალების საცხოვრებლებითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფაც წარმოადგენდა.
ივანოვი, მინისტრის მოადგილის თანამდებობას, 2016 წლიდან იკავებდა. კარიერა, 1999 წელს, ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში დაიწყო და რჩებოდა 2012 წლამდე. 2012 წელს კი, მოსკოვის ოლქის ხელმძღვანელის მოადგილე გახდა. 2013-2016 წლებში - თავდაცვის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაცია "Оборонстрой"-ის გენერალური დირექტორი იყო.
ივანოვი, 2019 წელს, Forbes-ის ყველაზე მდიდარი ჩინოვნიკების სიაშიც მოხვდა. გამომცემლობამ, 2018 წლის მიხედვით, მისი ოჯახის შემოსავალი 136,7 მლნ რუბლად შეაფასა, პირადად ივანოვის კი - 13,6 მლნ რუბლად.
გამოცემა Forbes-ი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტიმურ ივანოვი "შოიგუს კადრია", მაგრამ მინისტრის მოადგილეს უთანხმოებები ჰქონდა და მის მიმართ "კითხვები დაგროვდა". წყარო ასევე ამბობს, რომ ივანოვის დაკავებას, შესაძლოა, მინისტრი შოიუგუს წასვლაც მოჰყვეს.
ტიმურ ივანოვი არაერთი ანტიკორუფციული გამოძიების ობიექტი ყოფილა. ივანოვსა და მის ოჯახზე ანტიკორუფციული გამოძიება, ალექსეი ნავალნის ჯგუფმა, ზუსტად 1 წლის წინ ჩაატარა. ნავალნის Youtube არხზე ივანოვის შესახებ ვრცელი და დეტალური გამოძიების ნახვა მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ.