პუტინმა იური კოვალჩუკის ვაჟი კრემლის ადმინისტრაციაში საკვანძო პოსტზე დანიშნა

ვლადიმირ პუტინის განკარგულებით მასთან დაახლოებული ოლიგარქის შვილი, ბორის კოვალჩუკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოსტზე დანიშნა. 

ინფორმაციას კოვალჩუკის დაწინაურების შესახებ РБК საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ამ დრომდე ბორის კოვალჩუკი რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიას Интер Рао-ს ხელმძღვანელობდა. კომპანიის დირექტორად სანქტ-პეტერბურგის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი, სერგეი დრეგვალი დაინიშნა. 

კოვალჩუკი 15 მარტიდან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკონტროლო სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ამ სამმართველოს მთავარი ფუნქცია სახელმწიფოს მეთაურის მიერ გაცემული დავალებების აღსრულების შემოწმება და მონიტორინგია. მათ შორის საუბარია რუსეთის პრეზიდენტის საპროგრამო დოკუმენტების აღსრულებაზე. 

1996-1997 წლებში ამ სამმართველოს ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ალექსეი კუდრინი ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ სამმართველოს მეთაურად დანიშნეს ვლადიმირ პუტინი 1997 წლის მარტში. სხვადასხვა წლებში ამ თანამდებობზე მუშაობდნენ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი, ასევე სანქტ-პეტერბურგის მოქმედი გუბერნატორი, ალექსანდრ ბეგლოვი. 

კონტექსტი 

კოვალჩუკის შესაძლოა დაწინაურების შესახებ რუსული პრესა გასულ კვირასაც წერდა. ბორის კოვალჩუკი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ოლიგარქის, იური კოვალჩუკის 46 წლის ვაჟია.

კოვალჩუკი კრემლის ელიტაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კლანად მიიჩნევა, რომლებსაც ინტერესები ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში აქვთ. იური კოვალჩუკის კონტროლქვეშაა რუსეთის ყველაზე დიდი მედია ჰოლდინგი და პუტინის "ჯიბის ბანკის" სახელით ცნობილი ბანკი.  

კოვალჩუკის უფროსი ძმა მიხაილი, კურჩატოვის სახელობის ფიზიკის ინსტუტის დირექტორი და ასევე ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია. 

ბორის კოვალჩუკის შესაძლოა დაწინაურების შესახებ რუსული პრესა გასულ კვირაში წერდა. Wall Street Journal-ის ცნობით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში იური კოვალჩუკის გავლენა ვლადიმირ პუტინზე მკვეთრად გაიზარდა, რადგანაც იზოლაციის პირობებში ერთად დიდ დროს ატარებდნენ. 

გამოცემის წყაროს ცნობით, კოვალჩუკი ერთ-ერთი იყო იმ მცირე წრიდან, რომელმაც ვლადიმირ პუტინის გეგმების შესახებ იცოდა და პუტინს არწმუნებდა, რომ უკრაინაზე თავდასხმისთვის კარგი დრო იყო. 

უფრო მეტი ვლადიმირ პუტინის უახლოესი გარემოცვისა და იური კოვალჩუკის გავლენების შესახებ წაიკითხეთ ბმულზე

მსგავსი სიახლეები