ნატო: ბელარუსში გადასროლილი რუსული ძალები ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდია
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ბელარუსში თავმოყრილი რუსული შეიარაღებული ძალების რაოდენობამ ცივი ომის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
„ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთმა ბელარუსში 30 000-მდე სამხედრო, სპეციალური დანიშნულების ძალები, SU45 მოიერიშეები, ისკანდერის რაკეტები და S-400 საზენიტო სისტემები შეიყვანა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა 3 თებერვლის პრეს-კონფერენციაზე.
10-20 თებერვალს ბელარუსი და რუსეთი უკრაინა-ბელარუსის საზღვართან ახლოს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გეგმავენ.
ალიანსის ლიდერის თქმით, ნატო სწრაფი რეაგირების ძალებს „გაზრდილ მზადყოფნაში“ მოიყვანს.
დასავლელი მოკავშირეები, მათ შორის აშშ, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო პოზიციის გაძლიერებას განაგრძობენ.
ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ პოლონეთში, გერმანიასა და რუმინეთში დამატებით 3000 ამერიკელი სამხედრო ჩავა.
უკრაინის საზღვრებთან და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზებული რუსი სამხედროების რაოდენობამ 130 000-ს მიაღწია.