ნატოს სამიტი: ლიდერები თანხმდებიან, რომ ჩინეთი უსაფრთხოების რისკებს ქმნის
ბრიუსელში გამართულ ნატოს სამიტზე ლიდერები თანხმდებიან, რომ ჩინეთი უსაფრთხოების რისკებს ქმნის. პირველად ისტორიაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რუსეთთან ერთად მკაფიო საფრთხედ ჩინეთსაც ასახელებს.
ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა პირობა დადო, რომ ჩინეთი “კომუნიკეში ბევრად უფრო მკაცრად იქნება წარმოდგენილი, ვიდრე აქამდე გვინახავს.”
ბაიდენს სურს დემოკრატიული სახელმწიფოების საერთაშორისო ბლოკის შექმნა, რომლებიც ჩინეთის ავტორიტარულ სისტემას დაუპირისპირდებიან. ეს იყო ცოტა ხნის წინ გამართული დიდი შვიდეულის სამიტის ერთ-ერთი განსახილველი თემა.
ჩინეთთან ურთიერთობაში ბალანსის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა: “როცა საქმე ეხება ჩინეთს, არამგონია ვინმეს სურდეს ახალი ცივი ომი.”
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი განაცხადა, რომ აუცილებელია ჩინეთთან თანამშრომლობა კლიმატის ცვლილების და იარაღის კონტროლის საკითხებზე. თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ “ჩინეთის სამხედრო აღჭურვა და მზარდი გავლენა უსაფრთხოების გამოწვევებს ქმნის. ”
ლონდონში ჩინეთის საელჩომ ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომ სინძიანის, ჰონგ კონგის და ტაივანის შესახებ საუბრისას დასავლელი ლიდერების მიერ ფაქტების დამახინჯება მოხდა. განცხადებაში ასევე საუბარია ამერიკის ბოროტ ზრახვებზე ჩინეთის მიმართ.
“ჩინეთის მიმართ ცილისწამება უნდა შეწყდეს,” - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.