ნავალნის 1 მარტს მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ
ნავალნის თანამოაზრეებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერს 1 მარტს მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ამის შესახებ პოლიტიკოსის პრესმდივანმა კირა იარმიშმა X-ზე დაწერა.
"დაკრძალვის ცერემონია ბორისოვის სასაფლაოზე გაიმართება." - თქვა მან.
იარმიშმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკოსის პანაშვიდი 1 მარტს, 14:00 საათზე, მარინოს ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში ჩატარდება და მოსახლეობას მოუწოდა წინასწარ მივიდნენ.
კონტექსტი
16 თებერვალს რუსეთის ფედერაციის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ განაცხადა. რუსეთის ფედერაციის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის მე-3 კოლონიის წარმომადგენლებმა პოლიტიკოსის დედას უთხრეს, რომ ის მოულოდნელი სიკვდილის სინდრომით გარდაიცვალა.
19 თებერვალს ოპოზიციონერის დედა ლუდმილა ნავალნაია სალეხარდის მორგში მივიდა, სადაც მისი შვილის ცხედარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არც ის და არც ადვოკატები არ შეუშვეს.
23 თებერვალს ლუდმილა ნავალნაიამ თქვა, რომ დაემუქრნენ, რომ შვილის ცხედარს კოლონიაში დაკრძალავდნენ, თუ საიდუმლო, წყნარ დაკრძალვას არ დათანხმდებოდა.
24 თებერვალს ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს.