ნავთობის მოპოვების შემცირების გამო, საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობა იზრდება - WSJ
საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობა იზრდება, რადგან მოსკოვი აგრძელებს ბაზარზე დიდი რაოდენობით იაფი ნავთობის მიწოდებას, რაც ხელს უშლის საუდის არაბეთის მცდელობებს ნავთობის ფასი გაზარდოს.
ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
საუდის არაბეთი, რომელიც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) დე ფაქტო ლიდერია, თვლის, რომ რუსეთის ფედერაციამ სრულად არ შეასრულა დაპირება, რომ დასავლეთის სანქციების საპასუხოდ წარმოებას შეამცირებდა.
ნავთობის ორ უმსხვილეს მსოფლიო მწარმოებელს შორის დაძაბულობა უფრო აშკარა ხდება OPEC-ის წევრებს შორის გადამწყვეტი შეხვედრის წინა დღეებში.
ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები 4 ივნისს ვენაში უნდა შეიკრიბონ, რათა გადაწყვიტონ წარმოების გეგმა წლის მეორე ნახევრისთვის. ეს ხდება მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ გლობალური ეკონომიკური შენელება ამცირებს ნავთობზე მოთხოვნას.
WSJ-ის ცნობით, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ აპრილის ანგარიშში აღნიშნა, რომ რუსეთმა არ შეასრულა პირობა და ნავთობის მოპოვება დღეში 500 000 ბარელამდე არ შეამცირა.
ნავთობის მოპოვების ზრდის გამო რუსეთმა შემოსავალი გაზარდა, მაგრამ შექმნა ჭარბი მიწოდება, რამაც აპრილთან შედარებით ფასის თითქმის 10%-ით დაცემა გამოიწვია.