ნავთობის მოპოვების ზრდა - ბაიდენის მრჩეველები საუდის არაბეთში იმყოფებიან

საუდის არაბეთს ჯო ბაიდენის ორი მრჩეველი ეწვია. საიდუმლო შეხვედრების მთავარი განსახილველი თემა ნავთობის მოპოვების ზრდა და ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

გამოცემის ინფორმაციით ერ-რიადს თეთრ სახლში ახლო აღმოსავლეთის მიმართულების კოორდინატორი ბრეტ ბაკგურკი და სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ამოს ხოხშტეინი ეწვია. 

ჯერჯერობით უცნობია თუ ვის შეხვდებიან ამერიკელი ჩინოვნიკები საუდის არაბეთში, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ შეხვედრები მაღალი დონის იქნება. 

მოსალოდნელია, რომ ნავთობის წარმოების ზრდის გარდა განსახილველ თემებს შორის იქნება საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის მიმდინარე მოლაპრაკებები.

კერძოდ საუბარია წითელ ზღვაში მდებარე ორ სტრატეგიული მნიშვნელობის კუნძულზე, ეგვიპტეს სურს კუნძულები თავისი სუვერინიტეტიდან კვლავ საუდის არაბეთის სუვერენიტეტის ქვეშ გადავიდეს, თუმცა 1979 წლის კემპ-დევიდის შეთანხმების მიხედვით, ამისთვის მას ისრაელის თანხმობა სჭირდება. 

ამგვარად აშშ მედიატორობს მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც საუდის არაბეთისთვის კუნძულების გადაცემით უნდა დასრულდეს. 

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მოლაპარაკებების შესახებ დასმულ კითხვაზე საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა არ დამალა, რომ პროცესი მიმდინარეობს, თუმცა განაცხადა, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში არსებითი გაუმჯობესების გარეშე ურთიერთობების სრული ნორმალიზაცია რთული მისაღწევი იქნება. 

გარდა ამისა უკვე მრავალი თვეა აშშ საუდის არაბეთს ნავთობის მოპოვების გაზრდას სთხოვს, თუმცა არაბული მონარქია ამ დრომდე არ თანხმდება ცვლილებებს. 

ცნობილია, ამ მიზნით საუდის არაბეთში აპრილში იმყოფებოდა აშშ-ს ცენტრლაური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი უილიამ ბერნსიც, რომელიც ქალაქ ჯედაში საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრესაც შეხვდა. 

საუდის არაბეთი მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორია, მონარქიის მიერ წარმოების გაზრდა მნიშვნელოვნად შეამცირებდა ისედაც მაღალ ფასს ნავთობზე. ეს ხელს შეუწყობდა რუსული ნავთობზე ევროკავშირის მხრიდან ემბარგოს და რუსული ნავთობის ჩანაცვლებას.

მრავალგზის თხოვნების მიუხედავად, საუდის არაბეთი ამ დრომდე უარს ამბობს წარმოების გაზრდაზე და 2018 წელს OPEC პლუსის ფორმატში რუსეთთან დადებული შეთანხმების ერთგული რჩება.

ამ შეთანხმების ვადა მიმდინარე წლის სექტემბერში იწურება, რაც საუდის არაბეთს ნავთობის მოპოვების ზრდის შესაძლებლობას მისცემს.

მოსალოდნელია, რომ საუდის არაბეთს ივნისში ახლო აღმოსავლური ტურნეს ფარგლებში ეწვევა აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც. 

მსგავსი სიახლეები