ნეთანიაჰუმ ისრაელის მთავრობის ფორმირება შეძლო

ისრაელის ყველაზე დიდი პარტიის, "ლიკუდის" ლიდერმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს განუცხადა, რომ მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირება შეძლო. ახალ მთავრობაში მემარჯვენე, ეროვნულ-რელიგიური ბლოკის პარტიები შედიან.

ნეთანიაჰუმ ჰერცოგს უთხრა, რომ ახალი მთავრობა "ისრაელის ყველა მოქალაქისთვის იმუშავებს".

ახალ სამთავრობო კოალიციაში ნეთანიაჰუს "ლიკუდის" გარდა, ულტრამემარჯვენე პარტია "რელიგიური სიონიზმი" და ორი რელიგიური პარტია - "შასი" და "გაერთიანებული თორას იუდაიზმი" შედიან.

ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირებისთვის მანდატი 11 დეკემბერს ამოეწურა. შემდეგ პრეზიდენტმა ჰერცოგმა ის 10 დღით გაახანგრძლივა. 

კონტექსტი

2022 წლის ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდმა" და მისმა პარტნიორმა პარტიებმა გაიმარჯვეს. ნეთანიაჰუს ბლოკმა 120 მანდატიდან 64 მოიპოვა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერი 14 წლის განმავლობაში (1996-99; 2009-21 წლებში) იყო. პრემიერ-მინისტრის პოსტი მან 2021 წლის ივნისში ისრაელში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად დათმო. თუმცა მისი წასვლის შემდეგ შექმნილი 8 პარტიისგან შემდგარი, ეკლექტური კოალიცია 1 წელიწადში შიდა უთანხმოებების გამო დაიშალა და ისარელში ახალი არჩევნები დაინიშნა.

ნეთანიაჰუ მოქმედ მთავრობას ფასების ზრდის, ლიბანთან დადებული სასაზღვრო შეთანხმების, პალესტინის მიმართ გატარებული პოლიტიკის და სამთავრობო კოალიციაში არაბული პარტიის, "რაამის" შეყვანის გამო აკრიტიკებდა.

ყოფილმა პრემიერმა 21 ოქტომბერს, USA Today-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადაა განიხილოს უკრაინისთვის იარაღის გადაცემა.

მსგავსი სიახლეები