ნგრევის და მსხვერპლის მასშტაბი ღაზაში ჯერადად აღემატება კამპანიას ISIS-ის წინააღმდეგ
ისრაელის არმიის მიერ წარმოებული სამხედრო კამპანია ღაზის სექტორში სამოქალაქო მსხვერპლისა და ნგრევის მასშტაბით 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ომია.
ინფორმაციას ამის შესახებ Washington Post ავრცელებს.
გამოცემის მიერ გამოქვეყნებული გამოძიება შესწავლილ ათასობით ვიზუალურ მასალას, სატელიტურ გამოსახულებებს, გაეროს მონაცემებს, ღაზაში მომუშავე ათობით მედიკოსისა და შეიარაღების საკითხებში გამოკითხული ექსპერტების ანალიზს ეყრდნობა.
მასალაში ნათქვამია, რომ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, ისრაელის მიერ ღაზის სექტორში წარმოებული კამპანია თავისი ტემპითა და თანმდევი ნგრევის მასშტაბით ბევრად აღემატება მიმდინარე საუკუნის სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებს.
წყაროს ცნობით, გასული თითქმის 3 თვის განმავლობაში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზაში უფრო მეტი შენობა განადგურდა, ვიდრე ალეპოს კამპანიის დროს, რომელსაც ასადის რეჟიმი რუსეთის დახმარებით თითქმის 3 წლის განმავლობაში აწარმოებდა. ნგრევის მასშტაბი ღაზაში ასევე აღემატება კოალიციური ძალების სამხედრო კამპანიას ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წინააღმდეგ ქალაქ რაქასა და მოსულში.
გაეროს ჰუმანიტარული საკითხების ოფისის მონაცემებით, ღაზაში დაჭრილთა რაოდენობა 53 ათასს აღემატება, ხოლო დაღუპულთა 70% ქალებსა და ბავშვებზე მოდის (7 700 არასრულწლოვანი), ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა 1.9 მილიონს გადააჭარბა - ეს ომამდელი მოსახლეობის 85%-ია.
Washington Post-ის მოთხოვნის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გაგზავნილ წერილში ნათქვამია - "ჰამასისგან განსხვავებით, რომლებიც თავის სამიზნეებად სამოქალაქო პირებს არჩევს IDF იცავს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და იყენებს მათ ხელში არსებულ ყველა ბერკეტს სამოქალაქო მსხვერპლის შესამცირებლად."
გაზეთის ცნობით, ნგრევის მასშტაბი განსაკუთრებით მაღალია ჩრდილოეთ ღაზაში სადაც ჰამასსა და ისრაელის არმიას შორის გასულ კვირებში ყველაზე სასტიკი ბრძოლები გაიმართა. საუბარია ჯამურად 37 ათას დაზიანებულ შენობაზე, რომელთაგანაც 10 ათასი სრულად განადგურებულია.
ამ რიცხვის უდიდესი ნაწილი (8 ათასზე მეტი შენობა) ჩრდილოეთ ღაზაზე მოდის - ეს რიცხვი ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე რუსეთისა და ბაშარ ასადის ძალების 3-წლიანი კამპანიის შედეგად გამოვლენილ ნგრევა ქალაქ ალეპოში.
ერაყის ქალაქ მოსულში, რომელსაც ისლამური სახელმწიფო აკონტროლებდა აშშ-ს მეთაურობით კოალიციური ძალების სამხედრო კამპანია 2016 წელს დაიწყო. გასათვალისწინებელია, რომ ალეპოც და მოსულიც ჩრდილოეთ ღაზას ფართობით მნიშვნელოვნად აღემატება. მოსულში ნგრევის მასშტაბი 1 წლის განმავლობაში 1.5-ჯერ უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ჩრდილოეთ ღაზაში 7 კვირის განმავლობაში.
განსხვავება კიდევ უფრო თვალშისაცემია თუ მაჩვენებლებს რაქაში გამაგრებული ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოალიციის კამპანიას შევადარებთ. ჩრდილოეთ ღაზაში გასული 2 თვის განმავლობაში უფრო მეტი შენობა განადგურდა, ვიდრე რაქაში 8 თვის განმავლობაში.
გასული 2 თვის განმავლობაში ისრაელმა ღაზაში სხვადასხვა ტიპის 29 ათასზე მეტი ავიაბომბი ჩამოაგდო, რომელთაგანაც აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის ცნობით, 40-45% უმართავი ბომბი იყო.
საჰაერო კამპანიის ინტენსივობა 2.5-ჯერ აღემატება აშშ-ს მიერ ორგანიზებულ საჰაერო კამპანიას ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სირიასა და ერაყში ჯამურად. შედარებისთვის პიკური მაჩვენებელი თვეში 5 ათას ბომბს არ აღემატებოდა.
გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში გამახვილებულია ყურადღება ღაზის საავადმყოფოებზეც - სატელიტური ფოტოების შესწავლის შედეგად ჟურნალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მსხვილი ავიაბომბის აფეთქების კვალი ფიქსირდება 8 საავადმყოფოს მიდამოებში. მათ შორის საუბარია 1000-კილოგრამიან ავიაბომბებზეც.
გამოცემის მიერ ჩაწერილი მედიკოსების თქმით, ამ დროისთვის ღაზაში პრაქტიკულად არ არსებობს უსაფრთხო ადგილი და გასაქცევი გაზა.
კონტექსტი
ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში სამხედრო კამპანია ჰამასის უპრეცენდეტოდ მასშტაბური თავდასხმის პასუხად დაიწყო. 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმას 1200-ზე მეტი ისრაელელი ემსხვერპლა.
მასშტაბური საჰაერო კამპანიისა და თითქმის 2-კვირიანი სრული ბლოკადის შემდეგ ისრაელის არმიამ ღაზაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.
ამ დროის განმავლობაში კატარის მედიაციით მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე მხოლოდ ერთხელ შეთანხმდნენ - პაუზა საბრძოლო მოქმედებებში 1 კვირა გაგრძელდა.
ამ დროის განმავლობაში მძევლობიდან გათავისუფლდა 110 მძევალი და 300-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი ისრაელის ციხეებიდან.